"მართლმსაჯულება დასამარებულია" - ამ სახელწოდებით გაიმართა აქცია-პერფორმანსი უზენაეს სასამართლოსთან. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა ანა დოლიძემ შენობასთან სიმბოლურად სამგლოვიარო გვირგვინი მიიტანა წარწერით - "კლანს ხალხისგან". ამ გზით იუსტიციის საბჭოს წევრმა 14 მოსამართლის დამტკიცება გააპროტესტა.
ანა დოლიძე აცხადებს, რომ შექმნილი ვითარებიდან გამოსავალს უცხოელ ექსპერტებთან ერთად ეძებს.
„გუშინდელი დღე მძიმედ დასრულდა ქართველი ხალხისთვის. კლანმა და "ოცნებამ" მიიტაცა სასამართლო ხელისუფლება და ფაქტობრივად, დაასამარა მართლმსაჯულების პერსპექტივა. დღევანდელი თაიგული ამის გამოხატულებაა, ჩვენ ვგლოვობთ სასამართლო ხელისუფლების გარდაცვალებას“, - განაცხადა დოლიძემ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს 14 უვადო მოსამართლე დაამტკიცა, აქედან 2 მოქმედი მოსამართლეა. პარლამენტმა მხარი არ დაუჭირა თამარ ალანიას, შოთა გეწაძის, პაატა სილაგაძის, ლაშა ქოჩიაშვილისა და გოჩა ჯეირანაშვილის კანდიდატურას.
ამავდროულად, ამერიკის საელჩო უზენაესი სასამართლო მოსამართლეების არჩევასთან დაკავშირებით საგანგებო განცხადებას ავრცელებს. განცხადებაში ნათქვამია, რომ იმისათვის, რომ საქართველოს სასამართლო სისტემამ მოიპოვოს უფრო მეტი ნდობა, საელჩო ურჩევს პარლამენტსა და ხელისუფლების შესაბამის წარმომადგენლებს, რომ დამატებითი კანდიდატების შერჩევამდე რეაგირება მოახდინონ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის პროცესში დაფიქსირებულ ხარვეზებზე.
იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კადნდიდატობის 20-კაციანი სია გადაუგზავნა. კანდიდატებმა პარლამენტის იურიდიულ კომიტეტის სხდომაზე უკვე უპასუხეს პარლამენტის დეპუტატის კითხვებს. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრები, საზოგადოების ნაწილი და ოპოზიციური პარტიების უმეტესობა თვლიან, რომ კანდიდატების უმეტესობა ე.წ. ჩინჩალაძე-მურუსიძის კლანის წევრები არიან და ხელისუფლებას 20-კაციანი სიით სასამართლოს ხელისუფლების მთლიანად მიტაცება სურს.