logo
ENG



კლასტერების მატების მიუხედავად, ჯერჯერობით უცნობია დაიკეტება თუ არა იმერეთის რეგიონი

11 აპრ 202017:15
3 წუთის საკითხავი
 
2oyan5xod9pnmr3.png

იმერეთის რეგიონში ახალი კლასტერების რაოდენობა იზრდება.

მიუხედავად ინფიცირებულთა და თვითიზოლაციაში მყოფთა გაზრდილი რაოდენობისა, მხარის გუბერნატორი რეგიონის მთლიანად ჩაკეტვას ჯერ არ ვარაუდობს. ზვიად შალამბერიძის განცხადებით, ეპიდემიოლოგები სავარაუდო შემთხვევათა სტატისტიკას აკვირდებიან და გადაწყვეტილება საყოველთაო კარანტინთან დაკავშირებით სწორედ ამაზეა დამოკიდებული. 

"ბაღდათის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში არის კავშირები ქუთაისის შემთხვევასთან. იქ ყველა კავშირი გამოვლენილია. ყველა ადამიანი, ვინც საჭიროა, რომ იყოს იზოლაციაში არის თვითიზოლაციაში. 2 მათგანი არის კარანტინში გადაყვანილი. ვანის მუნიციპალიტეტში ჩვენ ვგეგმავთ, რომ დღეს დავასრულოთ. რაც შეეხება თერჯოლას, იქაც მიმდინარეობს სამუშაოები. იქაც კონტაქტების მოძიება მიდის. ვცდილობთ. პირველ წყაროს დადგენას", - აღნიშნა შალამბერიძემ. 

ქუთაისის ცხელების ცენტრის ხელმძღვანელი არჩილ მუკბანიანი კი ამბობს, რომ ცენტრში მოქალაქეთა რაოდენობა იმატებს და გუშინ ჩატარებული 9 ტესტიდან 1 დადებითი აღმოჩნდა. 

"მონაცემები მუდმივად იცვლება. გუშინ 24 საათის განმავლობაში მოგვმართა 22-მა პაციენტმა. აქედან ნაწილი უკვე გაშვებულია სახლში. დღეს კიდევ 6-7 პაციენტი დაგვემატა. გუშინ გაკეთდა 9 ტესტი და მხოლოდ ერთია დადებითი. ალბათ დღის განმავლობაში კიდევ დაემატება დღის განმავლობაში ტესტირებას დაქვემდებარებული მოქალაქეების რაოდენობა", - განაცხადა მუკბანიანმა. 

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მასშტაბით კორონავირუსით ინფიცირების სულ 233 შემთხვევა ფიქსირდება, აქედან 56 განიკურნა, 3 კი გარდაიცვალა. 


close დახურვა