კოალიაცია ცვლილებებისთვის ინფორმაციით, "უკანასკნელი რამდენიმე კვირის განმავლობაში, მთელ საქართველოში, კოალიაციის ოფისები გაიხსნა; ადგილი ჰქონდა თავდასხმისა და ვანდალიზმის ფაქტებსაც".
როგორც კოალიციის განცხადებაშია ნათქვამი, "მსგავსი ქმედებები მხოლოდ სისუსტისა და შიშის გამოვლინებაა".
"უკანასკნელი რამდენიმე კვირის განმავლობაში, მთელ საქართველოში, “კოალიცია ცვლილებისთვის - გვარამია, მელია, გირჩი, დროა”-ს ოფისები გაიხსნა. საქართველოს თითქმის ყველა კუთხეში ჩვენს უამრავ თანამოქალაქეს შევხვდით და მათგან იმ პრობლემების შესახებ მოვისმინეთ, რომლებსაც ყოველდღიურად აწყდებიან. ჩვენს თანამოქალაქეებს უკეთესი მომავლის იმედი აქვთ. სამწუხაროდ, ადგილი ჰქონდა თავდასხმისა და ვანდალიზმის ფაქტებსაც. ჩვენ ვართ კოალიცია, რომლისთვისაც აზრის თავისუფლად გამოთქმა, კამათი და დისკუსია პრინციპულია, ძალადობა და ვანდალიზმი კი მიუღებელი. სწორედ ასეთი უნდა იყოს პოლიტიკაც. მსგავსი ქმედებები მხოლოდ სისუსტისა და შიშის გამოვლინებაა. ამ შიშს კი ჩვენი პოზიტიური ხედვები და იმ ცვლილების სურვილი იწვევს, რომელიც ქართველი ხალხის უმრავლესობას აქვს. როგორც ჩანს, თქვენ ირჩევთ ვანდალიზმსა და ძალადობას, ხოლო ჩვენი არჩევანია, ვისაუბროთ ცვლილებასა და ჩვენი სამშობლოს მომავალზე, რომელსაც ვიცავთ და დავიცავთ", - აღნიშნულია განცხადებაში.