logo
ENG



კოალიცია: მთავარი არხის ჟურნალისტების მიყურადებაზე გამოძიება დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს

14 ივლ 202214:29
3 წუთის საკითხავი
 
2022/07/14/qqiyicah2l5gsqn.jpeg

მედიის ადვოკატირების კოალიციის განცხადებით, მთავარი არხის ჟურნალისტების მიყურადების ფაქტზე გამოძიება დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს.

13 ივლისს ტელეკომპანიების მაესტროსა და იმედის ეთერით წამყვანმა გია გაჩეჩილაძემ (უცნობი) გაავრცელა ფარული ჩანაწერი, რომელიც მისივე განმარტებით, ტელეკომპანია "მთავარი არხის" გუნდის სამუშაო პროცესს ასახავს. მთავარი არხის ჟურნალისტები ჩანაწერების ავთენტურობას ადასტურებენ.

მედიის ადვოკატირების კოალიცია მიიჩნევს, რომ სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 158-ე მუხლით, რაც კერძო კომუნიკაციის საიდუმლოების დარღვევას გულისხმობს.

"პირადი და საქმიანი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების ფუნდამენტური ასპექტია კომუნიკაციის თავისუფლება, რომელიც, მოიცავს ადამიანების კომუნიკაციის ანონიმურობის დაცვას ნებისმიერი მესამე პირისგან. ამ უფლების დაცულობას უდიდესი მნიშვნელობა აქვს ადამიანის პირადი და საქმიანი სივრცის ხელშეუხებლობისთვის.

ბოლო პერიოდში არაერთხელ გაჩნდა საფუძვლიანი ეჭვი, რომ ჟურნალისტებს სახელმწიფო უკანონოდ უსმენს, რისი გამოძიებაც სათანადოდ არ მომხდარა. ამის დასტურია, 2021 წელს გავრცელებული ე.წ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუს) ფაილები, რომლებიც, ათეულობით ჟურნალისტის სავარაუდო უკანონო მოსმენის შინაარსს ასახავს. უკანონო მოსმენების საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში ჟურნალისტების სახელით საჩივრებიც გაიგზავნა", - აღნიშნულია განცხადებაში.

მათივე თქმით, მთავარი არხის ჟურნალისტების სავარაუდო ფარული ჩანაწერის გავრცელება ამძაფრებს ეჭვს, რომ შესაძლოა ეს ჩანაწერიც სახელმწიფო უსაფრთოების სამსახურს ეკუთვნოდეს.

ეს არაა პირველი შემთხვევა, როდესაც ჟურნალისტები ფარულ მიყურადებაზე საუბრობენ. დღეს პროკურატურამ ფორმულას წამყვან თამარ ჩიხლაძეს სუს-ის კრებსების საქმეზე დაზარალებულის სტატუსი მიანიჭა.

საუბარია ეპიზოდზე, რომელიც ჩიხლაძესა და ნატა ფერაძეს შორის დიალოგს ასახავს. ეს საუბარი არა ტელეფონით, არამედ სახლში შედგა.

პროკურატურა კრებსების ფიგურანტებს დაზარალებულის სტატუსს მხოლოდ მას შემდეგ ანიჭებს, რაც ისინი სტრასბურგის სასამართლოში საჩივარს აგზავნიან. 

ჟურნალისტებმა სუს-ის კრებსების საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს სარჩელით გუშინ, 13 ივლისს მიმართეს. 20-ზე მეტი პირის სახელით სარჩელი წარადგინა საქართველოს დემოკრატიულმა ინიციატივამ. ამასთან, 10 ჟურნალისტის უკანონო მოსმენა-მიყურადების საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართა მედიამბოდსმენმაც.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან ფაილებმა 13 სექტემბერს გაჟონა.

ფაილებში ასევე არის პირადი ინფორმაცია სინოდის წევრებზე, პატრიარქის მოსაყდრეზე, მღვდელმთავრებზე, პატრიარქის თანაშემწეებზე, ეპისკოპოსებზე, მონაზვნებსა და მათთან დაკავშირებულ პირებს.

ჩანაწერების მიხედვით, უსმენდნენ საჯარო პირებს და ჟურნალისტებს, ასევე, ელჩებს და საელჩოების თანამშრომლებს. 

ჩანაწერები 2013-2021 წლებით თარიღდება. 

ჩანაწერის ავთენტურობას ადასტურებენ ის ჟურნალისტები, პოლიტიკოსები და აქტივისტები, რომელთა გვარებიც ფაილებში ფიგურირებს. 

პროკურატურამ, სავარაუდოდ, სუს-ის მერ მომზადებულ ჩანაწერებთან დაკავშირებით გამოძიება კერძო კომუნიკაციის საიდუმლოების დარღვევის ფაქტზე დაიწყო.

სუს-ის ფაილების საქმეზე უკვე გამოიკითხნენ მედიის წარომადგენლები, მათ შორის ფორმულას ერთ-ერთი დამფუძნებელი მიშა მშვილდაძე და ჟურნალისტები, ქეთი ნადიბაიძე და მარტა ქურასბედიანი.

ასევე, ტვ პირველის ჟურნალისტი, ინგა გრიგოლია და მთავარი არხის ხელმძღვანელი, ნიკა გვარამია. პროკურატურა შევიდა On.ge-შიც და მასალები მოითხოვა. 


close დახურვა