კოალიცია მედიის ადვოკატირებისთვის, ფეისბუქზე, დღეს, 30 ოქტომბერს, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურის გაშუქებისას, ჟურნალისტებზე თავდასხმის ფაქტებს აქვეყნებს.
ორგანიზაციის განცხადებით, ჟურნალისტებსა და ოპერატორებს ხელი შეეშალათ პროფესიული საქმიანობის შესრულებაში და მმართველი პარტიის წარმომადგენლება მათ შეურაცხყოფა მიაყენეს.
"დღეს, 2021 წლის 30 ოქტომბერს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურის გაშუქებისას 16:00 საათამდე დაფიქსირდა შემთხვევები, როცა ჟურნალისტებს და ოპერატორებს არ ჰქონდათ შესაძლებლობა თავისუფლად შეესრულებინათ მათი პროფესიული მოვალეობა. მათ შორის, მმართველი პარტიის წარმომადგენლები აყენებდნენ სიტყვიერ შეურაცხყოფას და მათ “აქტივისტებს” “ზონდერებს” “დეზინფორმატორებსა” და “ოპოზიციის წარმომადგენლებს” უწოდებდნენ" , - ნათქვამია არასამთავრობო ორგანიზაციის განცხადებაში.
კოალიცია მედიის ადვოკატირებისთვის აქვეყნებს კონკრეტული ფაქტების ამსახველ ვიდეოებს, რომელთა თანახმად, საქმე ეხება ტელეკომპანია ფორმულას - 2, მთავარი არხის - 2, TV პირველის - 3, TV 25-ის - 1, New Press-ის - 1 და on.ge-ს ერთ ჟურნალისტებზე თავდასხმას.
ასევე, კოალიცია მედიის ადვოკატირებისთვის ცნობით, ქარელის მუნიციპალიტეტში, მეორე საარჩევნო უბანთან TV მონიტორინგის ჟურნალისტს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელმა. წარმომადგენელმა. TV მონიტორინგის დირექტორის ინფორმაციით, პარტიამ თავისი წარმომადგენელი გაიწვია საარჩევნო უბნიდან.
არასამთავრობო ორგანიზაიცა საარჩევნო სუბიექტებს მოუწოდებს კანონის თანახმად მოქმედებას, ქართულ ოცნებას მიმართავს შეწყვიტონ ჟურნალისტებზე თავდასხმა, ხოლო შსს-ს ფაქტების გამოძიებისკენ მოუწოდებს.
დღეს დილიდან სხვადასხვა რეგიონში ფორმულას ჟურნალისტებს საარჩევნო უბნებზე თავს ესხმიან. ინფორმაცია სხვა მედიების წარმომადგენლებზე თავდასხმის შესახებაც ვრცელდება.
საქართველოში დღეს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური ტარდება.
არჩევნების მეორე ტური 5 თვითმმართველ ქალაქსა და 15 მუნიციპალიტეეტში ტარდება, სადაც მერებს აირჩევენ. გარდა ამისა, 24 საარჩევნო ოლქში მოსახლეობამ 42 მაჟორიტარი უნდა აირჩიოს.
მეორე ტურში ერთმანეთს ძირითადად ქართული ოცნებისა და ნაციონალური მოძრაობის კანდიდატები უპირისპირდებიან. გამარჯვებულად ის კანდიდატი ჩაითვლება, ვინც ოპონენტზე მეტ ხმას მოიპოვებს.
თვითმმართველობის არჩევნების პირველი ტური 2 ოქტომბერს ჩატარდა, თუმცა კანდიდატების ნაწილმა დაწესებული ბარიერი ვერ გადალახა, რის გამოც მეორე ტურის ჩატარების საჭიროება დადგა. კერძოდ, მუნიციპალიტეტების მერების ასარჩევად - 50%-იანი საარჩევნო ბარიერი, ხოლო საკრებულოების მაჟორიტარი წევრებისთვის 40%-იანი ბარიერის გადალახვა იყო საჭირო.
ცესკოს მონაცემებით, 15:00 საათისთვის თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურში ამომრჩეველთა აქტივობამ 31,82% შეადგინა. პირველ ტურში აქტივობა იყო 33,18%.