logo
ENG



კოალიცია ცვლილებებისთვის: ოცნების განცხადება აგვისტოს ომზე ქვეყნის ინტერესების ღალატია

15 აგვ 202415:13
3 წუთის საკითხავი
 
2024/08/15/pfmqe7l3mf8zp8a.png

კოალიცია ცვლილებებისთვის ლიდერებმა ნიკა გვარამიამ და ელენე ხოშტარიამ ქართული ოცნების პოლიტასბჭოს განცხადებაზე, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომს ეხებოდა, ბრიფინგი გამართეს. 

ბრიფინგზე ნიკა გვარამიამ თქვა, რომ ქართული ოცნების პოლიტსაბჭოს განცხადება "ფაქტობრივი, სამართლებრივი ტყუილია და უტოლდება ქვეყნის ღალატს".

ნიკა გვარამიას თქმით, ოცნების განცხადება არის მცდელობა, ჩამორეცხოს რუსეთს უმძიმესი დანაშაული, რაც აზიანებს ქვეყნის იმიჯს მსოფლიოში და ხელს უშლის არაღიარების პოლიტიკას.

"თუ რამეს არ ჭირდება დადგენა, ვინ ჩაიდინა ღალატი ქვეყნისა და საზოგადოების წინაშე, არის ქართული ოცნება. ბევრი მაგალითი არსებობს ამის, მაგრამ ეს აბსოლუტურად მკაფიო მაგალითია ამის და დაწერილია შავით თეთრზე ამ პარტიის მიერ, რომელიც სამწუხაროდ ჯერ კიდევ არის საქართველოს ხელისუფლებაში. საქართველომ დაიწყო ომი - ეს არის ბრალდება, რომელიც უტოლდება ქვეყნის ღალატს, მით უფრო, რომ ეს უბრალოდ ფაქტობრივი ტყუილია და სამართლებრივი ტყუილია.

არავის მსოფლიოში, არცერთ საერთაშორისო ორგანიზაციას, არცერთ საერთაშორისო სამართლებრივ ფორუმს არ დაუდანაშაულებია საქართველო ომის დაწყებაში, ერთადერთი გამონაკლისი პარადოქსულად, მაგრამ ბოლო პერიოდი ცხადყოფს, რომ სრულიად გასაგებად, არის საქართველოს ხელისუფლება და ქართული ოცნება, რომელიც ხაზგასმით ვამბობ, ჯერ კიდევ და სამწუხაროდ არის საქართველოს ხელისუფლებაში.

ეს არის ქვეყნის ინტერესების ღალატი, საქართველოს დადანაშაულება იმაში, რაც არ ჩაუდენია ამ ქვეყანას არასდროს და ეს არის მცდელობა, ჩამორეცხონ რუსეთს უმძიმესი საერთაშორისო სამართლებრივი და ჰუმანიტარული დანაშაული. ამით ჩვენ ვაძლევთ იურიდიულ წინაპირობას რუსეთს, რომ ეს გამოიყენოს საერთაშორისო ფორუმებზე - ეს აზიანებს როგორც ჩვენს იმიჯს მსოფლიოში, ასევე აფერხებს და ხელს უშლის არაღიარების პოლიტიკას", - თქვა ნიკა გვარამიამ.

***

13 ივლისს ქართულმა ოცნებამ აგვისტოს ომთან დაკავშირებით ვრცელი განცხადება გამოაქვეყნდა, რომელიც კრემლის პროპაგანდისტულ რიტორიკას ავითარებს და ომის დაწყებაში ქართულ მხარეს, კერძოდ კი საქართველოს მაშინდელ ხელმძღვანელობას ადანაშაულებს. 

"ქართული საზოგადოების უდიდეს ნაწილს სააკაშვილის ადეკვატურობაში სამართლიანად ეპარება ეჭვი. თუმცა, ფაქტია, რომ 2008 წლის აგვისტოში სააკაშვილის ავანტიურისტული ქმედებები არა მისი ფსიქიკური გაუწონასწორებლობის, არამედ გარედან დაკვეთილი და კარგად დაგეგმილი ღალატის შედეგი იყო. გვაქვს მოცემულობა, როდესაც არსებობს ყოფილი ხელისუფლება, რომელსაც აღიარებული აქვს 2008 წლის ომის დაწყება", - წერია განცხადებაში. 


close დახურვა