კოალიცია ცვლილებისთვის წარმომადგენლის, მირდატ ქამადაძის ინფორმაციით, ბათუმში დარღვევები დაფიქსირდა და ამ დროისთვის უკვე 30 საჩივარია დაწერილი.
როგორც ქამადაძემ ბრიფინგზე განაცხადა, დაფიქსირდა აგიტაციის ფაქტებიც ქართული ოცნების სასარგებლოდ.
"ბათუმის მე-10, 71-ე, მე-18, 35-ე, მე-20, მე-13, მე-14, 70-ე, 86-ე, 83-ე და 33-ე უბნებზე დაფიქსირებულია ორ-ორი ბიულეტენის გაცემა. ჩვენ გვაქვს ამის ვიდეომტკიცებულება და ამასაც მოგაწვდით საზოგადოებას და ამ ყველა ფაქტზე დაწერილია საჩივარი.
ბათუმის მე-4 და 51-ე უბანზე ხმის მიცემის აპარატები მუშაობდა ხარვეზებით, საბოლოო ჯამში, მე-4 უბანზე ერთი აპარატი გამოვიდა მდგომარეობიდან და ამ წუთის მდგომარეობით 2 აპარატით მიმდინარეობს ხმის მიცემა და გვესმის იმ ფონზე, როდესაც ძალიან დიდი აქტივობაა, ამ დროისთვის, ყოველივე შემთხვევისთვის ასე ჩანს.
უბნებზე რიგებია, 2 აპარატით ხმის მიცემა ძალიან დიდ პრობლემას ქმნის ჩვენი ამომრჩევლებისთვის. ქობულეთში, კერძოდ გორგაძეების საარჩევნო უბანზე, სოფლის გამგებელი, რომელიც დამკვირვებლის ბეიჯით არის შესული ღიად და საჯაროდ ეწევა აგიტაციას.
ბათუმის მე-2 საარჩევნო უბანზე კომისიის წევრი უშუალოდ ესწრებოდა ხმის მიცემის პროცედურას, როდესაც ერთ-ერთი ამომრჩეველი აძლევდა ხმას უბანზე", - აღნიშნა ქამადაძემ.