logo
ENG



კოალიციამ ცვლილებისთვის პროგრამის მთავარი მიმართულებები წარადგინა

17 ოქტ 202414:45
3 წუთის საკითხავი
 

კოალიციამ ცვლილებისთვის პროგრამის მთავარი მიმართულებები წარადგინა. კოალიციის 4-4-4 გეგმა მოიცავს საზოგადოებრივი ცხოვრების 4 სეგმენტს.

გვარამიას თქმით, ისინი კოალიციური მთავრობის დამტკიცებიდან 4 დღეში 4 სფეროს მთავარ ინიციატივებს წარადგენენ.

"ევროკავშირთან ინტეგრაცია - 4 დღის განმავლობაში, ჩვენ გპირდებით, რომ გაიხსნება ევროკავშირთან მოლაპარაკებები საქართველოს ევროკავშირის წევრობასთან დაკავშირებით. ეს გამომდინარეობს ქართული ქარტიიდან და რაც მთავარია საქართველოს ისტორიული არჩევანიდან, საქართველოს მოსახლეობის არჩევანიდან და ასევე, ეს გამომდინარეობს იმ სამუშაოდან და იმ განცხადებებიდან, რომელსაც ქართველები, პოლიტიკოსები თუ არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები ვაწარმოებთ საერთაშორისო მიმართულებით.

დემოკრატია - ამ სფეროში ჩვენ ვეყრდნობით ქართულ ქარტიას და აქაც მიგვაჩნია, რომ პრეზიდენტის როლი წამყვანია. კოალიცია ცვლილებისთვის მხარს ვუჭერთ პრეზიდენტის ინიციატივას, მხარს ვუჭერთ ქართულ ქარტიას, რომლის სულისკვეთებასაც გამოხატავს საქართველოს პრეზიდენტი ტექნიკური მთავრობის, გარდამავალი ადმინისტრაციის შექმნასთან დაკავშირებით და ნებისმიერ შემთხვევაში, ჩვენ მხარს დავუჭერთ მის მიერ წარმოდგენილ კანდიდატს, იქნება ეს არჩევნებამდე თუ არჩევნების შემდეგ.

დემოკრატიის საკითხები ასევე მოიცავს ქარტიით გათვალისწინებულ ვალდებულებას, რომელიც ავიღეთ. ეს არის ყველა რუსული კანონის გაუქმება.

ეკონომიკა - ჩვენ არ გავცემთ იმგვარ დაპირებებს, რომლებიც ყველას ყურს ეამება, მაგრამ არ მიგვაჩნია ამ ეტაპზე რეალისტურად, შეეხება ეს პენსიებს თუ უზარმაზარ შემოდინებებს ფულის მასების. ეს დაპირებები ჩვენ მიერ ამ ეტაპზე გაცემული არ იქნება, თუმცა ვიმუშავებთ ბოლომდე, რომ ამგვარი ცვლილებები მოხდეს საქართველოში. მათ შორის პენსია და ეკონომიკური მდგომარეობა ჩვენი ევროკავშირთან თავსებადობის ნაწილია.

ჩვენ ვაპირებთ შემდეგ ინიციატივებს - ეს პირველ რიგში შეეხება გადასახადების შემცირებას, საშემოსავლო გადასახადების დაწევას 15%-მდე, მცირე ბიზნესისთვის, რომელიც 400 000 ლარს ქვემოთაა ბრუნვით, დღგ-ს გაუქმებას და ასევე, მოგების გადასახადის შემცირება 5%-მდე. ჩვენი გათვლებით ეს შეეხება 4-დან 3 ბიზნესს საქართველოში.

განათლება - მაქსიმუმ 2028 წლისთვის ჩვენ ვგეგმავთ განათლების ბიუჯეტის სრულ შესაბამისობაში მოყვანას საშუალო ევროპულ სტანდარტთან. მაქსიმუმ 2028 წლისთვის ჩვენ ვაპირებთ, რომ განათლების ბიუჯეტი არათუ მნიშვნელოვნად გაიზარდოს, არამედ საკმარისი გახდეს განათლების ყველა საფეხურის დაფინანსებისთვის. პირველ რიგში ეს არის სკოლამდელი, საშუალო და უმაღლესი განათლება.

ვაპირებთ, შევქმნათ ცოდნის ყულაბა და ამის ინიციატივას, საკანონმდებლო რეგულაციას წარმოვადგენთ 4 დღის განმავლობაში ახალი მთავრობის შექმნიდან და პარლამენტის დაფუძნებიდან.

ცოდნის ყულაბა ნიშნავს ნიშნავს მხოლოდ საგანმანათლებლო მიზნებისთვის, დაწყებული ბაღიდან, დასრულებული უმაღლესი განათლებით, 5 000-ლარიან ყოველწლიურ დაფინანსებას თითოეული ბავშვისთვის, მოსწავლისთვის, სტუდენტისთვის"- თქვა გვარამიამ პროგრამის წარდგენისას. 

 

 


close დახურვა