logo
ENG



კოალიციამ ძლიერი საქართველო საარჩევნო გეგმის პრეზენტაცია გამართა

09 აგვ 202415:05
3 წუთის საკითხავი
 

კოალიციამ ძლიერი საქართველო საარჩევნო გეგმის "ილიას გზა" პრეზენტაცია გამართა.

კოალიციის ლიდერის, მამუკა ხაზარაძის თქმით, პირველი, რასაც ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში გააკეთებენ, ევროკავშირში გასაწევრიანებლად მოცემული 9 პუნქტის შესრულება იქნება.

"ჩვენი ხელისუფლებაში მოსვლის დროს პირველი, რასაც გავაკეთებ იქნება 9-პუნქტიანი გეგმა საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის.

უნდა გაიხსნას მოლაპარაკებები, რათა ძალიან მალე გახდეს ქვეყანა ევროპის ოჯახის წევრი. მეორე საკითხი იქნება სამუშო ადგილები და მესამე, ეს არის ბებია-ბაბუების საკითხი, სახელმწიფომ ერთხელ და სამუდამოდ უნდა განუცხადოს მათ, რომ არ არიან მიტოვებულები. 1000 ლარიანი პენსია, რასაც ვამბობთ, არის შესაძლებელი და უნდა შევუსრულოთ",- თქვა ხაზარაძემ.

ანა დოლიძის განცხადებით, ისინი ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში "აუცილებელ ნაბიჯებზე" შეთანხმდნენ.

"შევთანხმდით აუცილებელ ნაბიჯებზე, რომლებსაც გადავდგამთ, როცა მოვალთ ხელისუფლებაში. პირდაპირ ვეუბნებით ქართველ ხალხს, ჩვენ შეგვიძლია ერთად მუშაობა, ჩვენ გვაქვს სუფთა წარსული, კომპეტენცია, ენერგია და სურვილი, რომ ქვეყანა წამოვაყენოთ ფეხზე და წარსულს ჩავაბაროთ დაპირისპირება, დამცირება და ქილიკი, ის, რითაც ეს ქვეყანა წინა 20 წელი იმართებოდა"- თქვა დოლიძემ.

გეგმის პრეზენტაციაზე ისაუბრა კოალიციის კიდევ ერთმა ლიდერმა ლევან ცუცქირიძემ.

"ეს სამი ამოცანა, რომელსაც მიზნად ვისახავთ, ღირსეული პენსია, კარგი სამუშაო ადგილები და ევროკავშირის წევრობა არის ქვაკუთხედი, რომელზედაც უნდა დადგეს ჩვენი ქვეყნის სტაბილური განვითარება"- თქვა ცუცქირიძემ.

კოალიცია ძლიერ საქართველოში ლელოსთან ერთად, ანა დოლიძის პარტია ხალხისთვის და ლევან ცუცქირიძის პოლიტიკური მოძრაობა "თავისუფლების მოედანი" გაერთიანდნენ.


close დახურვა