logo
ENG



კობა გვენეტაძე - არსებული ინფლაციის მაჩვენებელი, ძირითადად გაუფასურებული კურსის გამო გვაქვს

04 ნოე 201914:40
3 წუთის საკითხავი
 
nvzd8libv59p0uc.jpg

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე საქსტატის ახალ მონაცემებს ეხმაურება და აცხადებს, რომ ამ ეტაპზე არსებული ინფლაციის მაჩვენებელი, ძირითადად გაუფასურებული კურსის გამო გვაქვს.

საქსტატის მონაცემებით, 2019 წლის ოქტომბერში წლიური ინფლაცია 6.9%-მდე გაიზარდა, რაც 2017 წლის შემდგომ ინფლაციის პიკურ მაჩვენებელს წარმოადგენს.

„მოთხოვნის მხრიდან ინფლაციაზე მოქმედი ფაქტორები ძლიერი არ არის და ამ ეტაპზე არსებული ინფლაციის მაჩვენებელი, ძირითადად გაუფასურებული კურსის გამო გვაქვს. აქვე დავძენ, რომ სიგარეტის აქციზის მომატების გამო, ერთჯერადი ეფექტი ამ ინფლაციაში 0,9 %-ია. გაცვლითი კურსის მოქნილობის შენარჩუნება, საგარეო შოკებთან გასამკლავებლად, კიდევ უფრო აქტუალური გახდა. ამას განხილვების დროს, საქართველოში ვიზიტად მყოფმა, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიამ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი. საქართველოსთვის ეს არის მთავარი წინაპირობა კონკურენტუნარიანობის და მიმდინარე ანგარიშის დისბალანსის შესანარჩუნებლად“, - განაცხადა გვენეტაძემ.

ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრი რომან კაკულია მიიჩნევს, რომ ახსნა-განმარტება უნდა გაკეთდეს იმ რეაქლური სიტუციის, რაც არის.

"მე სიამოვნებით დავუჭერდი მხარს საარსებო მინიმუმის რეალურ დონემდე გაზრდის ტენდენციას. ეს არ არის ინფორმაცია, რომელიც შეიძლება ვიღაცას დაუმალო. რაც უფრო ღია და გახსნილი იქნება ხელისუფლება ამ შემთხვევაში, მით უფრო აისახება ეს მის ავტორიტეტზე, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ის მყისიერად ვერ მოახერხებს ყველა პრობლემის მოგვარებას", - აცხადებს კაკულია. 

საქსტატის, ინფორმაციით, ინფლაციის ზრდის ძირითადი განმაპირობებელი სურსათსა და უალკოჰოლო სასმელებზე ფასების ზრდაა. სურსათის ჯგუფში ფასები 13.5%-ით გაიზარდა, რაც წლიურ ინფლაციაზე 4.02 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები მომატებულია შემდეგ ქვეჯგუფებზე: ხილი და ყურძენი (26.9 პროცენტი), რძე, ყველი და კვერცხი (16.0 პროცენტი), თევზეული (15.8 პროცენტი), ხორცი და ხორცის პროდუქტები (14.7 პროცენტი), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (13.7 პროცენტი), ბოსტნეული და ბაღჩეული (12.4 პროცენტი), ასევე პური და პურპროდუქტები (11.0 პროცენტი).

 


close დახურვა