რაიან და ლორა სმიტების ოჯახის მკვლელობის საქმე სტრასბურგის სასამართლოში გასაჩივრდება.
როგორც ოჯახის მკვლელობისთვის დაკავებული მალხაზ კობაურის უფლებადამცველმა ალექსანდრე კობაიძემ „ფორმულას“ განუცხადა, გასაჩივრდება პროცესუალური დარღვევების ნაწილი.
„ჩემი დაცვის ქვეშ მყოფ პირს დაერღვა სამართლიანი სასამართლოს განხილვის უფლება, ასევე დაირღვა უდანაშაულობის პრეზუმფცია და დაცვის უფლება. დაცვის უფლება იმ კუთხით დაირღვა, რომ მტკიცებულებების გადმოცემის ეტაპზე, როცა ჩვენ მოვითხოვეთ, არ გადმოგვეცა, ხოლო სამართლიანი სასამართლო დაირღვა იმ კუთხით, რომ მტკიცებულებების გამოკვლევის გარეშე მოხდა გამამტყუნებელი ვერდიქტის გამოტანა. იყო მთელი რიგი პროცესუალური დარღვევები, მაგალითად, მოსამართლე ხშირ შემთხვევაში ერეოდა და ავსებდა ბრალდებას. ვამზადებთ საქმეს, „კობაური საქართველოს წინააღმდეგ“ და გაიგზავნება ერთი თვის ფარგლებში“, - განაცხადა ადვოკატმა.
შეგახსენებთ, რომ 19 წლის მწყემსს, მალხაზ კობაურს განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი განზრახ მკვლელობა ედება ბრალად. საუბარია ხადის ხეობაში ამერიკისა და საქართველოს ორმაგი მოქალაქეების, რაიან და ლორა სმიტებისა და მათი ოთხი წლის შვილის მკვლელობაზე.
მალხაზ კობაურს უვადო პატიმრობა აქვს მისჯილი.