logo
ENG



კობახიძე: 10 ათასობით ადამიანის გასამართლების საკითხი ვერ იქნება განხილული

15 ოქტ 202418:33
3 წუთის საკითხავი
 
2024/10/15/bb4e6mrlnul2623.jpg

პრემიერმინისტრი ირაკლი კობახიძე ქართული ოცნების სატელიტი ორგანიზაციის - ერთიანი ნეიტრალური საქართველოს ინიციატივას ეხმაურება, რომელიც გასამართლებით ოპოზიციის ამომრჩეველსაც ემუქრება.

კობახიძის მტკიცებით, "10 ათასობით ადამიანის გასამართლების" იდეის განხილვას ქართული ოცნება არ აპირებს, თუმცა ის კვლავ "კოლექტიური ნაცმოძრაობის გასამართლების აუცილებლობაზე" მიუთითებს.

"რაც შეეხება თვითონ პარტიების გასამართლებას, პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ეს არის აუცილებელი იმისთვის, რომ საქართველოში დასრულდეს ეს ჩაკეტილი წრე, რასაც ჰქვია პოლარიზაცია, რადიკალიზმი. თუ კოლექტიური ნაცმოძრაობა არ გამოცხადდება არაკონსტიტუციურად, რისთვისაც ჩვენ შესაბამის პროცედურებს დავიწყებთ, აუცილებლად, არჩევნების შემდეგ, ისე პოლარიზაციის პრობლემა საქართველოში არასდროს არ მოგვარდება, მუდმივად ეს პოლიტიკური ძალა, ეს პოლიტიკური პარტიების ერთობლიობა იქნება დაბრკოლება ქართული დემოკრატიის განვითარების გზაზე.

რაც შეეხება ამომრჩეველს, მე ვერ განვიხილავ ასეთ საკითხს, რა თქმა უნდა, ჩემთვის წარმოუდგენელია ამომრჩევლის გასამართლება. მიუხედავად იმისა, რომ თითოეულ ამომრჩეველს პასუხისმგებლობა ეკისრება საკუთარი არჩევანის გამო, რა თქმა უნდა, ჩვენი მხრიდან ვერ იქნება განხილული ათი ათასობით ადამიანის გასამართლების საკითხი, ანუ ჩვენ ამაზე ვერც ფიქრს ვერ დავიწყებთ და რა თქმა უნდა, ეს იდეა ჩვენი მხრიდან ვერ იქნება აქტიურად განხილული.

ერთადერთი, ჩვენ მოვუწოდოთ თითოეულ ამომრჩეველს, რომ იმოქმედონ საკუთარი პასუხისმგებლობით", - ამბობს კობახიძე. 

ქართული ოცნების სატელიტი ორგანიზაცია ერთიანი ნეიტრალური საქართველო გასამართლებით ოპოზიციის ამომრჩეველსაც ემუქრება. განცხადების თანახმად, მათ სურთ, ასეთ ამომრჩეველს არჩევნებში მონაწილეობის მიღება აეკრძალოთ.

ორგანიზაცია ოპოზიციურად განწყობილ მოქალაქეებს "სექტას" და ქვეყნის მტრებს უწოდებს.

მათი გამოთვლით, ასეთი ამომრჩეველი დაახლოებით 300 000-ია. მათივე თქმით, არჩევნების შემდეგ ჯერ "კოლექტიური ნაციონალური მოძრაობა უნდა გასამართლდეს, შემდეგ - ოპოზიციის ამომრჩეველი".

20 აგვისტოს ქართული ოცნების პოლიტსაბჭომ განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ სჭირდებათ საკონსტიტუციო უმრავლესობა და ამის რამდენიმე მიზეზია მოყვანილი.

ოცნების განცხადების თახმად, საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვებისთანავე, დააინიცირებენ "სამართლებრივ პროცესს", რომლის შედეგადაც ნაციონალურ მოძრაობას და ყველა მისი "სატელიტი თუ მემკვიდრე" პარტია" არაკონსტიტუციურად გამოცხადდება. ამ დაპირებას ყველა შეხვედრაზე აჟღერებს პარტიის ლიდერი ბიძინა ივანიშვილი და ოცნების სხვა წევრებიც.


close დახურვა