ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე CNN-ის ჟურნალისტის კითხვას ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენის მიმართ ტყუილს უწოდებს და ამბობს, რომ "ეს მიუთითებს სერიოზული ძალის არსებობაზე, რომელსაც აქვს ინტერესი, საქართველოს შეუქმნას პრობლემები".
CNN-ის ჟურნალისტმა ქრისტიან ამანპურმა ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენს რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების გვერდის ავლაზე ჰკითხა და ამის მაგალითად საქართველო დაასახელა.
კობახიძის თქმით, ხელოვნური პრობლემების შექმნის მიზანი ესკალაცია და მეორე ფრონტია.
"არიან ადამიანები, არა ადამიანები, არამედ სერიოზული ძალები, რასაც ვუწოდებთ გლობალური ომის პარტიას, არ ვხსნით კარტებს ბოლომდე, ვიცით ზუსტად, რა იგულისხმება ამის უკან და არ ვამბობთ. ვიცით გლობალური ომის პარტია, რომელსაც აქვს ინტერესი საქართველო ჩართოს ომში და ამას ცდილობენ სხვადასხვა ფორმით და მეთოდით. ერთ-ერთი ბოლო შემთხვევა იყო გუშინ, იყო ურსულა ფონ დერ ლაიენის ჩართვა, სადაც CNN-ის ჟურნალისტი, ფეიკ სტატიაზე დაყრდნობით უსვამს კითხვას ურსულა ფონ დერ ლაიენს, რასაც საფუძვლად უდევს თითქოს ფაქტი, თითქოს საქართველო არის ერთ-ერთი მთავარი ხელშემწყობი იმისა, რომ რუსეთში შეედინება სანქცირებული პროდუქტები. ეს ხომ CNN-ია და არა ტვ პირველი ან მთავარი არხი, ნაცმოძრაობის ჯიბის ტელევიზიები. როდესაც CNN-ზე ასეთი მასშტაბის ტყუილი ჟღერდება, ეს მიუთითებს იმაზე, რომ არის რაღაც სერიოზული ძალა, რომელსაც აქვს ინტერესი, საქართველოს შეუქმნას ხელოვნურად პრობლემები. მიზანი ამ ხელოვნურად პრობლემების შექმნის შეიძლება იყოს ერთადერთი - ესკალაცია და მისი საბოლოო შედეგი უნდა იყოს მეორე ფრონტი", - ამბობს კობახიძე.
CNN-ის ჟურნალისტმა ქრისტიან ამანპურმა ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენს რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების გვერდის ავლაზე ჰკითხა და ამის მაგალითად საქართველო დაასახელა.
ამის პასუხად ევროკომისიის პრეზიდენტმა თქვა, რომ რუსეთისთვის დაწესებული სანქციების გვერდის ავლის მცდელობები მიუღებელია.