logo
ENG



კობახიძე: არავითარი სამართლებრივი, პოლიტიკური ვალდებულება არ გვაქვს, დაბლა დავწიოთ ბარიერი

21 ნოე 202315:09
3 წუთის საკითხავი
 
კობახიძე: არავითარი სამართლებრივი, პოლიტიკური ვალდებულება არ გვაქვს, დაბლა დავწიოთ ბარიერი

ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ისეთ პირობებში, როცა 3%-იანი ან უფრო დაბალი ბარიერი ევროკავშირის მხოლოდ 4 ქვეყანას აქვს, მათ არავითარი "სამართლებრივი თუ პოლიტიკური ვალდებულება" არ აქვთ, ბარიერი დაბლა დაწიონ.

კობახიძემ ისაუბრა ევროკომისიის 9 ახალ დათქმაზეც - მისი მტკიცებით, გამომდინარე იქიდან, რომ 12 პუნქტის "80% რეალურად შესრულებულია", ახალი დათქმების განხორციელება ბევრად "მარტივი იქნება".

"არის 9 მოთხოვნა, რომელიც არის ბევრად უფრო ლოკალური და კონკრეტული, ვიდრე იყო წინა 12 რეკომენდაცია. წინა 12 რეკომენდაცია იყო ბევრად უფრო მასშტაბური. სინამდვილეში, თუ დააკვირდებით თქვენ ამ ახალ 9 მოთხოვნას, მიხვდებით, რომ 12 პუნქტიდან 80% მოთხოვნების არის რეალურად შესრულებული. ნუ, შესაბამისად, უფრო მარტივია ამ 9 პუნქტზე მუშაობა, ვიდრე იყო თავის დროზე 12 საკითხზე მუშაობა. მხოლოდ 4 ქვეყანაა ევროკავშირში, სადაც მოქმედებს 3%-იანი ან უფრო დაბალი ბარიერი. ასეთ პირობებში, ჩვენ არავითარი სამართლებრივი თუ პოლიტიკური ვალდებულება არ გვაქვს, რომ დაბლა დავწიოთ ბარიერი", - თქვა მან.

2022 წლის 7 ივლისს ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ თუ ევროკავშირი საქართველოს კანდიდატის სტატუსს მიანიჭებს, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები სრულად პროპორციული სისტემით და 2%-იანი ბარიერით ჩატარდებოდა, თუმცა ევროკომისიის რეკომენდაციების გამოქვეყნების შემდეგ, მმართველ პარტიაში თქვეს, რომ ეს საკითხი დახურულია და ბარიერის დაწევას არ აპირებენ.

8 ნოემბერს ევროკომისიამ გასცა რეკომენდაცია, რომ საქართველოს მიენიჭოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი. ევროკომისიამ სამუშაო დოკუმენტი გაასაჯაროვა, სადაც მიმოხილულია საქართველოში პოლიტიკური მდგომარეობა, სასამართლო სისტემა, ადამიანის უფლებები და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები.

გაფართოების შესახებ ევროკომისიის მოსაზრებაში მითითებულია 9 დათქმა და საუბარია მათ შორის 2024 წლის არჩევნებზე - ევროკომისია აღნიშნავს, რომ საქართველომ უნდა უზრუნველყოს თავისუფალი, სამართლიანი და კონკურენტული საარჩევნო პროცესი. ასევე, დაასრულოს და განახორციელოს სრული და ეფექტური სასამართლო რეფორმა, გააუმჯობესოს არსებული სამოქმედო გეგმა დეოლიგარქიზაციაზე, დამატებით მიაქციოს ყურადღება პოლიტიკური პოლარიზაციის საკითხს და სხვა.


close დახურვა