ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ საპარლამენტო არჩევნები 2024 წლამდე არ ჩატარდება - ანუ რიგგარეშე არჩევნები არ იქნება.
დღეს, 5 აგვისტოს, მან კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ 19 აპრილის შეთანხმება ანულირებულია.
„შეთანხმება არის ანულირებული და ჩვენ ვთქვით არაერთხელ, მომავალში აღარასდროს ასეთი ტიპის შეთანხმებას აღარ გავაფორმებთ. აქ საუბარი იყო დროებით, კონსტიტუციის ჩარჩოდან გასვლაზე, მეორედ, ეს აღარასდროს მოხდება, ამაზე ვართ ჩვენ პასუხისმგებელი. რა თქმა უნდა, გამორიცხულია, 2024 წლამდე, არავითარი რიგგარეშე არჩევნები არ იქნება". - თქვა ირაკლი კობახიძემ.
რიგგარეშე არჩევნების საკითხი სწორედ 19 აპრილის შარლ მიშელის შეთანხმებით იყო გათვალისწინებული.
დოკუმენტის მიხედვით, რომელიც ხელისუფლებასა და ოპოზიციის ნაწილს შორის ევროკავშირის და აშშ-ის მედიატორობით გაფორმდა, ნათქვამი იყო, რომ იმ შემთხვევაში, თუ 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებში ქართული ოცნება პროპორციულ ნაწილში 43%-ზე ნაკლებს მიიღებდა, 2022 წელს რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები დაინიშნებოდა.
თუმცა, ქართული ოცნება შეთანხმებიდან გავიდა.
მმართველ გუნდში თქვეს, რომ რიგგარეშე არჩევნების დანიშვნა მათ კეთილ ნებაზე იქნება დამოკიდებული.
შეთანხმებიდან გასვლამდე ქართულმა ოცნებამ ასევე არ გაითვალისწინა დოკუმენტით აღებული ვალდებულება, პარლამენტს შეეჩერებინა უზენაეს სასამართლოში უვადო მოსამართლეების დანიშვნის პროცესი სასამართლო რეფორმის გატარებამდე და 6 მოსამართლე უვადოდ განაწესა.
შარლ მიშელის დოკუმენტი 19 აპრილს, ხელისუფლებას და ოპოზიციას შორის 6-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ გაფორმდა. ენმ-ს, ლეიბორისტულ პარტიას, ელენე ხოშტარიას და ევროპულ საქართველოს დოკუმენტისთვის ხელი არ მოუწერიათ.