საქართველოს პრემიერმინისტრი ირაკლი კობახიძე ირწმუნება, რომ გასული რამდენიმე კვირის განმავლობაში აქციების ძალადობრივი ხერხებით დარბევისას, პოლიციელები ამერიკულ და ევროპულზე მაღალი სტანდარტით მოქმედებდნენ, რისთვისაც კობახიძე მათ მადლობას უხდის.
იგი პოლიციელებს ასევ მოუწოდებს, არ მიმართონ უხეშ ფორმებს, რომლებიც ამერიკელი და ფრანგი სამართალდამცავებისთვის "ჩვეულებრივი მოვლენაა".
"მინდა გავაფრთხილო რადიკალური ოპოზიციის ძალადობრივი დაჯგუფებების თითოეული წევრი, რომ ძალადობისთვის კანონის წინაშე ყველა უმკაცრესად აგებს პასუხს. ამასთანავე მინდა ვთხოვო სამართალდამცავებს, რომ გამოიჩინონ მაქსიმალური მოთმინება და ძალადობასა და შეურაცხყოფაზე რეაგირებისას იმოქმედონ ევროპულზე მაღალი სტანდარტით. სამართალდამცავებს მინდა, კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო იმისთვის, ძალადობის დიდი მასშტაბისა და სრულიად მიუღებელი ხარისხის მიუხედავად, გასული რამდენიმე კვირის განმავლობაში ისინი, სწორედ ამერიკულზე და ევროპულზე მაღალი სტანდარტით მოქმედებდნენ.
გასული კვირების განმავლობაში იყო რამდენიმე გამონაკლისი შემთხვევა, რომლებიც ვერავისთვის იქნება მოსაწონი და მისაღები. საქართველო არის პატარა ქვეყანა, სადაც ადამიანები ერთმანეთს განსაკუთრებულად უნდა მოვუფრთხილდეთ. შესაბამისად, მოძალადეების მიმართ რეაგირების ის უხეში ფორმები, რომლებიც ჩვეულებრივი მოვლენაა ამერიკული ან ფრანგული პოლიციელებისთვის, არ უნდა იყოს მისაღები ქართველი სამართალდამცავებისთვის", - თქვა კობახიძემ ბრიფინგზე.