logo
ENG



კობახიძე: ვეტინგი ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას

14 მარ 202419:01
3 წუთის საკითხავი
 
2024/03/14/k0bnzu6ate9wrqt.jpg

პრემიერმინისტრი ირაკლი კობახიძის მტკიცებით, ვეტინგის სისტემა "საქართველოს კონსტიტუციასა და ზოგადად, კონსტიტუციურ პრინციპებს ეწინააღმდეგება".

მისი თქმით, ზოგადი მიდგომა ვეტინგთან დაკავშირებით არის ის, რომ "ის შეიძლება გამოიყენონ უკიდურეს შემთხვევაში, როცა არსებობს განსაკუთრებული ცნობები სისტემურ პრობლემებთან დაკავშირებით".

"ე.წ. ვეტინგი ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას და ზოგადად, კონსტიტუციურ პრინციპებს. ვეტინგი გულისხმობს იმას, რომ ხდება მოსამართლეების კეთილსინდისიერების გადამოწმება და ამას უნდა მოყვეს კონკრეტული შედეგები, მათ შორის, ეს შედეგი შეიძლება იყოს უვადოდ განწესებული მოსამართლის გათავისუფლება და ა.შ. სწორედ ამიტომ არის არაკონსტიტუციური ეს პროცედურა, რომ ის შეიძლება ითვალისწინებდეს უვადოდ განწესებული მოსამართლის გათავისუფლებას, ან სხვა რაიმე მსგავსი ზომების მიღებას მის მიმართ, რაც არის არაკონსტიტუციური"- თქვა კობახიძემ.

მისივე თქმით, "ჩვენ გვყავს უვადოდ განწესებული მოსამართლეები, მათ ვერავინ შეეხება, ვიდრე ისინი არ ამოწურავენ საკუთარ ასაკობრივ ზღვარს".

"აქედან გამომდინარე, ყოველგვარი ისეთი ინიციატივა, რომელიც ეწინააღმდეგება მოსამართლის უვადობის პრინციპს, არის თავისთავად წინააღმდეგობაში არა მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციასთან, არამედ, ზოგადად, კონსტიტუციურ-სამართლებრივ პრინციპებთან"- თქვა კობახიძემ.

ევროკომისიის გაფართოების ანგარიშში, რომელშიც საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზეა საუბარი, ნახსენებია მართლმსაჯულების სისტემაში დანიშნული პირების კეთილსინდისიერების შემოწმება - ე.წ ვეტინგი.

ვეტინგის სისტემა არის მოდელი, რომლის ფარგლებშიც მოწმდება მოსამართლეთა კეთილსინდისიერება და პროფესიონალიზმი, კომისია კი უცხოელი და ქართველი ექსპერტებით უნდა დაკომპლექტდეს. ამას ითხოვს ვენეციის კომისიაც.

ქართული ოცნების არგუმენტი ისაა, რომ პროცესში უცხოელი პარტნიორების მონაწილეობით ქვეყნის სუვერენიტეტს საფრთხე შეექმნება. მმართველ გუნდში ცდილობენ, რომ ე.წ. ვეტინგის სისტემა ოპოზიციის ინიციატივად წარმოაჩინონ, თუმცა ამას ქვეყნისგან ევროკომისია ითხოვს.


close დახურვა