პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხზე საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, ქართული ოცნების დეპუტატი, ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ სალომე ზურაბიშვილის გადაყენებისთვის 100 ხმის მოგროვების შანსი "პრაქტიკულად არ არსებობს", თუმცა მისი თქმით, ამ გადაწყვეტილებით ის მაინც დადასტურდა, რომ კონსტიტუციის დარღვევა "რეაგირების გარეშე არ დარჩა".
"მიმდინარე კვირაში ქართველი ხალხის მიერ 2021 წელს არჩეული დეპუტატების უმრავლესობა დაადასტურებს, რომ ის აღარ არის ღირსი ატარებდეს საქართველოს პრეზიდენტის მაღალ სტატუსს ატარებდეს. სალომე ზურაბიშვილს რომ ჰქონდეს შერჩენილი ელემენტარული ღირსება, ბუნებრივია, საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ საქართველოს კონსტიტუციის დარღვევის დადგენის შემდეგ, ის მყისიერად გადადგებოდა საქართველოს პრეზიდენტის თანამდებობიდან.
თუმცა, ისიც გვესმის, რომ სალომე ზურაბიშვილი არ არის დამოუკიდებელი თავის გადაწყვეტილებებში და ის ვერც გადადგომის გადაწყვეტილებას მიიღებს იმ ძალების თანხმობის გარეშე, რომლებიც მას კონსტიტუციის უხეში დარღვევისკენ უბიძგებდნენ. საქართველოს პარლამენტში მიმდინარე სასესიო კვირის ბოლომდე შედგება კენჭისყრა იმპიჩმენტის წესით ზურაბიშვილის თანამდებობიდან გადაყენების თაობაზე, გვესმის, რომ სალომე ზურაბიშვილი კოლექტიური ნაცმოძრაობის იმედით არღვევდა კონსტიტუციას და აქედან გამომდინარე, მის გადასაყენებლად 100 ხმის მოგროვების შანსი, პრაქტიკულად, არ არსებობს. თუმცა იმედს ვიტოვებთ, რომ რამდენიმე ოპოზიციურ დეპუტატს მაინც აღმოაჩნდება საკმარისი პატრიოტიზმი ან პროფესიული ღირსება, რომ ეს რეაგირების გარეშე არ დატოვოს", - განაცხადა მან.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა კონსტიტუცია დაარღვია.
სასამართლოს 9 წევრიდან განსხვავებული პოზიცია 3-მა დააფიქსირა - ირინე იმერლიშვილმა, გიორგი კვერენჩხილაძემ და თეიმურაზ ტუღუშმა.
პროცესი ახლა პარლამენტში გადავა, სადაც კენჭს უყრიან ზურაბიშვილის იმპიჩმენტს. პრეზიდენტის გადაყენებას 100 ხმა სჭირდება.
საკონსტიტუციო სასამართლომ პრეზიდენტის იმპიჩმენტის წარდგინების განხილვა 5 ოქტომბერს დაასრულა. პლენუმი სამი დღის განმავლობაში უსმენდა მხარეებს.
სხდომებს არ დასწრებია პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი. მის ინტერესებს სასამართლოზე იცავდნენ თამარ ჩუგოშვილი - პარლამენტის ყოფილი ვიცე-სპიკერი და ქართული ოცნების ყოფილი წევრი, და მაია კოპალეიშვილი - საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი მოსამართლე.
წარდგინების ავტორების მხრიდან სხდომაზე მომხსენებლები იყვნენ ირაკლი კობახიძე, ანრი ოხანაშვილი, გიორგი კახიანი და თენგიზ შარმანაშვილი.
პირველ სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ ქართული ოცნება სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცედურას იწყებს. მიზეზად პარტიაში მთავრობის უარის მიუხედავად, პრეზიდენტის ევროპაში გამგზავრება დაასახელეს, რითაც მან "უხეშად დაარღვია კონსტიტუცია".
30 აგვისტოს საქართველოს მთავრობამ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ევროპაში ვიზიტის პარალელურად განცხადება გამოაქვეყნა და აღნიშნა, რომ მას ყველა მოთხოვნილ ვიზიტზე უარი უთხრეს, მათ შორის, უკრაინაში.
№1797 კონსტიტუციურ წარდგინებაში განხილვის საგანს წარმოადგენს საქართველოს კონსტიტუციის 52-ე მუხლის პირველი პუნქტის "ა" ქვეპუნქტის შესაძლო დარღვევა, საქართველოს პრეზიდენტის მიერ საქართველოს მთავრობის თანხმობის გარეშე, საგარეო ურთიერთობებში წარმომადგენლობითი უფლებამოსილების განხორციელების გამო, რაც გამოიხატა საზღვარგარეთ სამუშაო ვიზიტების განხორციელებით და ოფიციალურ პირებთან სამუშაო შეხვედრებისა და მოლაპარაკებების გამართვით.
კერძოდ, საუბარია სამ სამუშაო ვიზიტზე: 2023 წლის 31 აგვისტოს გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პრეზიდენტთან, 2023 წლის 1 სექტემბერს ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან და 2023 წლის 6 სექტემბერს საფრანგეთის პრეზიდენტთან.