"სალომე ზურაბიშვილს არ აქვს არავითარი მორალური უფლება, ხვდებოდეს ცესკოს თავმჯდომარეს გიორგი კალანდარიშვილს, საუბრობდეს არჩევნებზე" - ეს განცხადება პრემიერმინისტრმა ირაკლი კობახიძემ შეხვედრის პარალელურად გააკეთა, რომელსაც პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ცესკო-ს თავმჯდომარესთან და საარჩევნო კომისიის წარმომადგენლებთან მართავს.
კობახიძე პრეზიდენტის განცხადებებს არჩევნებში ემიგრანტების ჩართულობასთან დაკავშირებით "სპეკულაციას" უწოდებს. მისი აზრით, ზურაბიშვილის ერთადერთი მიზანია "ჩრდილი მიაყენოს არჩევნებს".
"სალომე ზურაბიშვილს არ აქვს არავითარი მორალური უფლება ხვდებოდეს ცესკოს თავმჯდომარეს გიორგი კალანდარიშვილს. გახსოვთ, რომ მიუხედავად კომისიის გადაწყვეტილებისა, მან კალანდარიშვილი არ წარადგინა ცესკოს თავმჯდომარეობის კანდიდატად, რატომ - იმიტომ, რომ კალანდარიშვილს თავის დროზე მხარი არ დაუჭირეს ხაბეიშვილმა, სამადაშვილმა, ვაშაძემ და სხვებმა, შესაბამისად, ზურაბიშვილს მორალური უფლება არ აქვს რომ ხვდებოდეს კალანდარიშვილს და მეორე - საერთოდ არ აქვს მორალური უფლება საუბრობდეს არჩევნებზე, იმიტომ რომ ის პირდაპირ, თავისი ვეტოთი მხარს უჭერდა ჩიხის შენარჩუნებას ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში.
ყველა კარგად ხედავს, რომ ზურაბიშვილის ერთადერთი მიზანია საბოტაჟი, ერთადერთი მიზანია, რომ არჩევნებს რაღაცნაირად შეექმნას საფრთხე, პრობლემა და რა თქმა უნდა, ამას ვერ მიაღწევს სალომე ზურაბიშვილი და ეს სპეკულაციებიც, რომლებსაც შეუერთდა სალომე ზურაბიშვილი ემიგრაციასთან დაკავშირებით, ეს არის კოლექტიური ნაცმოძრაობის სპეკულაციური კამპანია და ამ კამპანიას დღეს კიდევ ერთხელ შეუერთდა ზურაბიშვილი. ესეც აჩვენებს კიდევ ერთხელ იმას, რომ სალომე ზურაბიშვილის ერთადერთი მიზანია, რომ ჩრდილი მიაყენოს არჩევნებს", - ამბობს კობახიძე.
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში ემიგრანტების ჩართულობის მნიშვნელობაზე ისაუბრა და ხაზი გაუსვა, რომ საზღვარგარეთ მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს არჩევნებში ჩართვის შესაძლებლობა უნდა ჰქონდეთ.
პრეზიდენტმა ეს განცხადება ცესკო-ს თავმჯდომარესა და ცენტრალური საარჩევნო კომისიის წარმომადგენლებთან, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციებისა და EU-ის საელჩოების წარმომადგენლებთან შეხვედრის დროს გააკეთა.
პრეზიდენტმა გააკრიტიკა საგარეო საქმეთა სამინისტრო, რომელიც მისივე თქმით, კატეგორიულად აცხადებს უარს საზღვარგარეთ საარჩევნო უბნების გახსნაზე. ასევე, ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ "რამდენადაც იცის", არანაირი საუბარი არ ყოფილა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მხრიდან EU-ის ქვეყნების ელჩებთან იმისთვის, რომ საკითხი წინ წაიწიოს.