logo
ENG



კობახიძე: თუ არ იყო დარღვეული ოკუპაციის შესახებ კანონი, არშემოშვების საფუძველი არ ჰქონდათ

21 მაი 202312:04
3 წუთის საკითხავი
 

ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის შვილისა და ოჯახის წევრების საქართველოში შემოშვების საკითხზე ამბობს, რომ მთავარი კრიტერიუმი ოკუპაციის შესახებ კანონი იყო და თუ მათ ეს დარღვეული არ ჰქონდათ, საბაჟო სამსახურს მათი ქვეყანაში არშემოშვების საფუძველი არ ჰქონდა. ამის შესახებ კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

"პირველ რიგში, უნდა ითქვას, თუ რა კრიტერიუმებით ხელმძღვანელობს სახელმწიფო ქვეყანაში კონკრეტული ადამიანების შემოსვლის დროს - როგორც მოგეხსენებათ, საქართველო არ არის მიერთებული სანქციებს, ჩვენ არ გვაქვს დაწესებული სანქციები რუსეთის ფედერაციისთვის, ამის მიზეზები არაერთხელ განიმარტა. არსებობს კანონი ოკუპაციის შესახებ, მთავარი კრიტერიუმი არის, რა თქმა უნდა, ოკუპაციის შესახებ კანონის დარღვევა-არდარღვევა.

ამ შემთხვევაში, თუ არ იყო დარღვეული ოკუპაციის შესახებ კანონი, რა თქმა უნდა, საბაჟო სამსახურს არ ჰქონდა საფუძველი იმისათვის, რომ კონკრეტული პირები არ შემოეშვა საქართველოში. დანარჩენზე, რა თქმა უნდა, შესაბამისი უწყებები გასცემენ პასუხს, მაგრამ თქვენ გირჩევთ, რომ თავიდან ბოლომდე იხელმძღვანელოთ ოკუპაციის შესახებ კანონით, რომელიც არის მთავარი სახელმძღვანელო პრინციპი თითოეული უწყებისთვის", - თქვა კობახიძემ.

19 მაისს მთავარმა არხმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის შვილი, ეკატერინა ლავროვა და მისი ოჯახის წევრები საქართველოში ქორწილისთვის ჩამოვიდნენ. უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ ლავროვი და მისი ოჯახი, მათ შორის შვილი დასავლური სანქციების ქვეშ იმყოფება. 

ლავროვის შვილის საქართველოში ყოფნას ოფიციალური უწყებები არ ადასტურებდნენ, თუმცა როგორც გუშინ პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა, შს მინისტრისგან "მიიღო პირობა", რომ იმ რუსმა ოჯახმა, რომელიც ყვარელში ქორწილის გადახდას გეგმავდა, ტერიტორია დატოვა.

მოგვიანებით, ფორმულამ მოიპოვა ფოტო და ვიდეო მასალა, რომელშიც ჩანან ყვარელში, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის ოჯახის წევრის ქორწილისთვის ჩამოსული რუსეთის მოქალაქეები. ფორმულას ინფორმაციით, სტუმრების ნაწილმა სოფელ სანიორეში გადაინაცვლა.


close დახურვა