logo
ENG



კობახიძე: თუკი რაიმე გადაადგილება იქნება, ეს იქნება გუნდის შიგნით

16 მარ 202300:04
3 წუთის საკითხავი
 
კობახიძე: თუკი რაიმე გადაადგილება იქნება, ეს იქნება გუნდის შიგნით

მმართველი პარტიის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ თუ ქართულ ოცნებაში რაიმე გადაადგილება იქნება, ეს გუნდის შიგნით მოხდება. ამის შესახებ მან იმედის ეთერში ისაუბრა.

"თუკი რაიმე გადაადგილება იქნება, იქნება ეს გადაადგილება გუნდის შიგნით და არა გუნდის მიღმა. თუ რაიმე გადაადგილება იქნება გუნდის შიგნით, გუნდის ფარგლებში, ჩვენ ამაზე საზოგადოებას, ბუნებრივია, მივაწვდით ინფორმაციას. რაც შეეხება ხმის არმიცემას, რამდენიმე დეპუტატმა, ჩვენმა კოლეგამ, ჩვენმა მეგობრებმა მხარი არ დაუჭირეს ამ კანონპროექტს, ამას ჰქონდა ერთი კონკრეტული მიზეზი, ეს იყო ფაშისტური კამპანია, რომელიც წარმოებდა დეპუტატების მიმართ.

ბევრი დეპუტატი იყო, რომელმაც ბოლო მომენტში, გუნდურობიდან გამომდინარე, მაინც მიიღო ეს გადაწყვეტილება და მხარი დაუჭირა კანონპროექტს. იმდენად მძიმე იყო წნეხი, არა მარტო მათზე პირადად - საკუთარ თავზე ფაშისტურ წნეხ, რაღაცნაირად, ყველა გავუძლებთ - მაგრამ როდესაც ეს ეხება შენს მცირეწლოვან ბავშვს, შვილს არ არის ადვილი ამ წნეხის გაძლება", - თქვა მან.

მას შემდეგ, რაც ქართული ოცნების რამდენიმე დეპუტატმა რუსულ კანონს მხარი არ დაუჭირა, მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ ისინი მმართველი გუნდის დატოვებას აპირებენ. ამის შესახებ ინფორმაციას პარტიაში არ ადასტურებენ.

მასშტაბური საზოგადოებრივი პროტესტის შედეგად ქართულმა ოცნებამ "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" რუსული კანონპროექტის გაწვევის შესახებ 9 მარტს განაცხადა, 10 მარტს კი პლენარულ სხდომაზე ჩააგდო. თავდაპირველად, ოცნება ამ კანონპროექტს მხარს უჭერდა და პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო. 

კანონპროექტის საწინააღმდეგო პროტესტი 7-8 მარტს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარეობდა. აქციები იყო ქუთაისში, ბათუმში და სხვა ქალაქებშიც. 

თბილისში პოლიციელებმა მშვიდობიანი აქცია წყლის ჭავლით, წიწაკის სპრეითა და ცრემლმდენი გაზით დაარბიეს. 

რამდენიმესაათიანი მცდელობების მიუხედავად ხალხი არ იშლებოდა, რის შემდეგაც პოლიციამ აქციის მონაწილეების დაკავება ძალისმიერი მეთოდებით დაიწყო. პოლიციელები მუშაობაში ხელს უშლიდნენ მედიის წარმომადგენლებს და ჟურნალისტებზე ძალადობის ფაქტებიც დაფიქსირდა.


close დახურვა