ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილისთვის ტრანზაქციების შეფერხებას ლეგიტიმური საფუძველი არ აქვს.
ის ამაში "ერთგვარ შანტაჟის ნიშნებს" ხედავს.
"აქ აშკარად ჩანს, რომ არავითარი ლეგიტიმური საფუძველი ამ შეფერხებებს არ აქვს. არის ერთგვარი შანტაჟის ნიშნები. რა დგას ამის უკან, მე არ ვიცი, მაგრამ ეს ნიშნები აშკარად არსებობს. თავისთავად ლეგიტიმური საფუძველი რომ არ აქვს ამ ქმედებებს, ამას ადასტურებს ის, რომ საბოლოო ჯამში ყველა ტრანზაქცია მაინც ხორციელდება, შეფერხებით, მაგრამ ხორციელდება", - თქვა კობახიძემ იმედთან.
9 მაისს ივანიშვილის მიერ დაქირავებულმა PR კომპანია CISION-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, ბიძინა ივანიშვილი Credit Suisse-ს პოლიტიკურ ზეწოლაში ადანაშაულებს და მეორედ ჩივილს აპირებს.
სარჩელის მიზეზი ის არის რომ, როგორც Cision-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში წერია, Credit Suisse-ს მიერ ბენეფიციარების ინტერესების დასაცავად და საჭიროებისამებრ თანხის გაცემის უზრუნველსაყოფად დაფუძნებულ Green Vals Trust-ში ბანკმა ოპერაციები შეაყოვნა.
ბიძინა ივანიშვილმა 2022 წლის 4 მარტს თანხის მიღება მოითხოვა. ბანკის რწმუნებულმა მოთხოვნა 2022 წლის 4 აპრილს დააკმაყოფილა, რამაც მილიარდერს ფინანსური ზიანი მიაყენა. თანხის გადარიცხვის შეყოვნების მიზეზად Green Vals Trust-მა "აღმოსავლეთ ევროპაში გეოპოლიტიკური გარემო" დაასახელა.
ივანიშვილის ადვოკატი კი განმარტავს, რომ Credis Suisse წინააღმდეგ დავას "ბოლო პერიოდში რამდენიმე სხვა ფაქტი მეტად საეჭვოდ დაემთხვა".
ადვოკატის თქმით, ივანიშვილს გარკვეული შეფერხებები შეექმნა ლონდონიდან და ნიუ იორკიდან ხელოვნების ნიმუშების დროულ და შეუფერხებელ გადაადგილებაში. ასევე, გაურთულდა გერმანიაში ძველის ჩაბარების სანაცვლოდ შეძენილი ახალი ვერტმფრენის საქართველოში ჩამოყვანა.
11 მაისს, Credit Suisse-მა ფორმულასთან საუბრისას განაცხადა, რომ ბრალდებები პოლიტიკურ ზეწოლასთან დაკავშირებით უსაფუძვლოა.
"ნებისმიერი ბრალდება Credit Suisse-ის "პოლიტიკური ზეწოლის" შესახებ სრულიად უსაფუძვლოა", - აღნიშნულია მათ განცხადებაში.