logo
ENG



კობახიძე: მიუღებელია, რომ დახურულ რეჟიმში, NGO-ების კლანი ასახელებს თავის კანდიდატურებს

27 სექ 202213:37
3 წუთის საკითხავი
 
კობახიძე: მიუღებელია, რომ დახურულ რეჟიმში, NGO-ების კლანი ასახელებს თავის კანდიდატურებს

ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ NGO-ები, რომლებმაც დღეს ობმუდსმენობის თავიანთი კანდიდატები წარადგინს, "არიან  დახურული კლანი" და ისინი "კლანის პრინციპებით" მოქმედებენ.

"ამ გადაწყვეტილებით მდიდარმა NGO-ებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს, რომ ისინი არიან ერთგვარი კლანი და კლანის პრინციპებით მოქმედებენ. წამოიდგინეთ, რომ ჩვენ უპრეცედენტო, ღია, გახსნილი, გამჭვირვალე პროცედურა შევთავაზეთ საზოგადოებას, ნებისმიერ ადამიანს მივეცით საკუთარი კანდიდატურის დასახელების საშუალება, ერთგვარი კონკურსი გამოცხადდა პარლამენტში, ამის შემდეგ არასამთავრობო ორგანიზაციები აფასებენ კანდიდატებს, შემდეგ მხოლოდ ოპოზიცია ასახელებს, ეს არის გახსნილი პროცესი, რომელიც ჩვენ შევთავაზეთ საზოგადოებას. ამ დროს, მთლიანად დახურულ რეჟიმში, რამდენიმე NGO-ს კლანი ასახელებს თავის კანდიდატურებს. ეს არის, ერთი- მიუღებელი და მეორე- აჩვენებს მათ დამოკიდებულებას ზოგადად მოვლენების მიმართ. ეს არის ძალიან დახურული კლანი და სწორედ ამიტომ მოქმედებენ დახურული ფორმატებით და დახურული პროცედურებით. ჩვენ ვართ გახსნილი, ღია, ისინი არიან დახურულები და ამას ხედავს საზოგადოება."- აცხადებს კობახიძე.

არასამთავრობო ორგანიზაციებმა ომბუდსმენი პოსტზე 3 პირის კანდიდატურას დაუჭირეს მხარი. ესენი არიან: ანა აბაშიძე, გიორგი ბურჯანაძე და ნაზი ჯანეზაშვილი.

მოქმედ სახალხო დამცველს უფლებამოსილების ვადა 2022 წლის 8 დეკემბერს ეწურება. 

31 აგვისტოს ქართულმა ოცნებამ განაცხადა, რომ სახალხო დამცველის კანდიდატურას არ წარადგენს.

მამუკა მდინარაძის თქმით, იმ შემთხვევაში, თუ ოპოზიციური პარტიები "პირს შეკრავენ" და კანდიდატს არ წარადგნენ, ქართული ოცნება პროცესში ჩაერთვება და საკუთარ კანდიდატს დაასახელებს.

ამასთან, პარლამენტმა ომბუდსმენის არჩევის წესთან დაკავშირებული ცვლილებები 9 სექტემბერს მიიღო. მას მხარი არ დაუჭირეს ლელომ, ნაციონალურმა მოძრაობამ და სტრატეგია აღმაშენებელმა.

მმართველი პარტია ომბუდსმენის არჩევის წესში ცვლილებებს გამჭვირვალობითა და ინკლუზიურობით ხსნის.

15 სექტემბერს, პარლამენტის სპიკერმა, შალვა პაპუაშვილმა ხელი მოაწერა ბრძანებას სახალხო დამცველის კანდიდატურების წარდგენის წესთან დაკავშირებით.

 


close დახურვა