ქართული ოცნების თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ პრეზიდენტის იმპიჩმენტის შესახებ არსებითი განხილვის სხდომის დასრულების შემდეგ კვლავ გაიმეორა, რომ პრეზიდენტის წარმომადგენლების მხრიდან "არგუმენტები ვერ იქნა წარმოდგენილი".
კობახიძის მტკიცებით, პრეზიდენტის წარმომადგენლები სხდომაზე "უხერხულ მდგომარეობაში იყვნენ, უწევდათ აბსურდის მტკიცება". ის ირწმუნება, რომ "სწორედ ამიტომ არ ჩავიდა ზურაბიშვილი ბათუმში, რადგან თვითონ მოუწევდა ამ მდგომარეობაში ყოფნა".
"პრეზიდენტი იქნებოდა ისეთივე მძიმე მდგომარეობაში ამ პროცესზე, როგორ მდგომარეობაშიც არიან დღეს პრეზიდენტის წარმომადგენლები. ხედავთ, რომ ისინი არიან ძალიან უხერხულ მდგომარეობაში, უწევთ აბსურდის მტკიცება, ძალიან მძიმეა, რა თქმა უნდა, მათი მდგომარეობა, შესაბამისად, შევდივარ ამ მდგომარეობაში. პრეზიდენტი თვითონ რომ ჩამოსულიყო, ბუნებრივია, თვითონ მოუწევდა ამ მდგომარეობაში ყოფნა, რაც მისთვის იყო მიუღებელი და სწორედ ამიტომ არ ჩამოვიდა ბათუმში.
საინტერესოდ წარიმართება პროცესი, ხედავთ, რომ რეალურად არგუმენტები ვერ იქნა წარმოდგენილი პრეზიდენტის წარმომადგენელთა მხრიდან. ელემენტარულ კითხვებზე ვერ მივიღეთ პასუხი", - განაცხადა კობახიძემ.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხის წარდგინებას ზეპირი მოსმენით ხვალ, 4 ოქტომბერს გააგრძელებს. განხილვა 11:00 საათზე დაიწყება. დღევანდელი პროცესი, რომელიც 12:00 საათზე დაიწყო, ცოტა ხნის წინ დასრულდა. მხარეებმა საკონსტიტუციო სასამართლოს საკუთარი პოზიციები გააცნეს.
დღეს, საკონსტიტუციო სასამართლოში იმპიჩმენტის წარდგინების განხილვამდე რამდენიმე საათით ადრე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დაწერა, რომ მისი წარმომადგენლები თამარ ჩუგოშვილი და მაია კოპალეიშვილი იქნებიან.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე მერაბ ტურავამ ფორმულასთან 22 სექტემბერს განაცხადა, რომ სხდომა, შესაძლოა, მეორე დღესაც გაგრძელდეს.
საქმეს პლენუმი განიხილავს. სასამართლო პროცესზე როგორც წარდგინების ავტორებს, ისე საქართველოს პრეზიდენტს ელოდება.
პირველ სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ ქართული ოცნება სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცედურას იწყებს. მიზეზად პარტიაში მთავრობის უარის მიუხედავად, პრეზიდენტის ევროპაში გამგზავრება დაასახელეს, რითაც მან "უხეშად დაარღვია კონსტიტუცია".
30 აგვისტოს საქართველოს მთავრობამ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ევროპაში ვიზიტის პარალელურად განცხადება გამოაქვეყნა და აღნიშნა, რომ მას ყველა მოთხოვნილ ვიზიტზე უარი უთხრეს, მათ შორის, უკრაინაში.
№1797 კონსტიტუციურ წარდგინებაში განხილვის საგანს წარმოადგენს საქართველოს კონსტიტუციის 52-ე მუხლის პირველი პუნქტის "ა" ქვეპუნქტის შესაძლო დარღვევა, საქართველოს პრეზიდენტის მიერ საქართველოს მთავრობის თანხმობის გარეშე, საგარეო ურთიერთობებში წარმომადგენლობითი უფლებამოსილების განხორციელების გამო, რაც გამოიხატა საზღვარგარეთ სამუშაო ვიზიტების განხორციელებით და ოფიციალურ პირებთან სამუშაო შეხვედრებისა და მოლაპარაკებების გამართვით.
კერძოდ, საუბარია სამ სამუშაო ვიზიტზე: 2023 წლის 31 აგვისტოს გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პრეზიდენტთან, 2023 წლის 1 სექტემბერს ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან და 2023 წლის 6 სექტემბერს საფრანგეთის პრეზიდენტთან.