logo
ENG



კობახიძე: რადიკალურ ოპოზიციას და ზურაბიშვილს არაფერი ესაქმებათ საზეიმო ღონისძიებაზე

15 დეკ 202313:36
3 წუთის საკითხავი
 

ქართული ოცნების თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის აზრით, "რადიკალურ ოპოზიციას", მათ შორის საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს "არაფერი ესაქმებათ საზეიმო ღონისძიებაზე".

ზურაბიშვილმა გუშინ ბრიფინგზე თქვა, რომ ღარიბაშვილის დაანონსებულ ღონისძიებას შეუერთდება. მან ასევე აღნიშნა, რომ "თუ ტრიბუნაზე არ მიიწვევენ, ხალხთან ერთად იდგება". კობახიძის თქმით, ზურაბიშვილს "მითუმეტეს არაფერი ესაქმება საზეიმო სცენაზე".

"დღევანდელი ღონისძიება ეძღვნება ხალხს, რომელმაც ყველაფერი გააკეთა კანდიდატის სტატუსის მისაღებად. რაც შეეხება რადიკალურ ოპოზიციას, ისინი ყველაფერს აკეთებდნენ, რომ ქვეყანას არ მიეღო სტატუსი, მათ შორის ერთ-ერთი ვინც იდგა ამ საბოტაჟის ავანგარდში იყო სალომე ზურაბიშვილი. რა თქმა უნდა, ასეთ ადამიანებს არაფერი ესაქმებათ საზეიმო ღონისძიებაზე, როდესაც ისინი ყველაფერს აკეთებდნენ კანდიდატის სტატუსის წინააღმდეგ, მითუმეტეს, ასეთ ადამიანებს არაფერი ესაქმებათ საზეიმო სცენაზე - ეს არის ჩვენი მყარი პოზიცია", - თქვა კობახიძემ.

ოპოზიციური პარტიების ზოგიერთი წარმომადგენელი აცხადებს, რომ კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით ქართული ოცნების მიერ ორგანიზებულ ზეიმს შეუერთდება.

თავისუფლების მოედანზე აქცია-კონცერტი პრემიერ-მინისტრმა დააანონსა. შეკრება 17:00 საათზე დაიწყება.

დეპუტატი პაატა მანჯგალაძე აღნიშნავს, რომ მოქალაქეებში არის საზეიმო განწყობა და ვისაც სადაც უნდა იქ მივიდეს. მისი თქმით, ნაციონალურ მოძრაობაში დღეს, 14:00 საათზე გაიმართება ღონისძიება.


close დახურვა