პრემიერმინისტრობის კანდიდატი ირაკლი კობახიძე "არასწორ მოვლენას" უწოდებს პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო სხდომების პირდაპირი ეთერით გადაცემას.
კობახიძეს ამასთან დაკავშირებით კითხვა გიორგი გახარიას გუნდის წევრმა, ანა ბუჩუკურმა დაუსვა. მან პრემიერმინისტრობის კანდიდატს ჰკითხა, "რატომ არის სააკაშვილი პრივილეგირებულ მდგომარეობაში და რატომ ეძლევა მას სისტემურად უფლება, რომ ჩაატაროს პარტიული თათბირები [სასამართლო დარბაზიდან]".
"ბატონო ირაკლი, ნამდვილად პრივილეგირებულ მდგომარეობაში გყავთ სააკაშვილი, იცით, რომ მას ეკრძალება პარტიული საქმიანობა, მაგრამ თქვენი ტელევიზიები პირდაპირ ეთერში გადასცემენ მიხეილ სააკაშვილი როგორ ატარებს მაგალითად პარტიულ თათბირებს და მონაწილეობს პარტიულ საქმიანობაში, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით აკრძალული აქვს. ამიტომ, იქნებ ამ ტრიბუნიდან დაამატოთ სათქმელი და აუხსნათ, პირველ რიგში ამომრჩეველს, რატომ აძლევთ მას სისტემურად ამის უფლება. ვიმეორებ, მას ეს ეკრძალება კანონმდებლობით", - ჰკითხა ბუჩუკურმა კობახიძეს.
კობახიძემ ბუჩუკურს მიმართა და უთხრა, რომ "შეუძლიათ მოიკითხონ", ვისგან და რატომ არის კონკრეტული მოსამართლე პრივილეგირებული და დაამატა, რომ "კვალი შეიძლება მივიდეს იქ, სადაც მათი [გიორგი გახარიას პარტია] კვალიც მიდის".
"რატომ გადასცემს სასამართლო პირდაპირ ეთერში მიხეილ სააკაშვილის გამოსვლებს - ნამდვილად არასწორი მოვლენაა, რბილად რომ ვთქვათ, არასწორი, თუმცა შეგიძლიათ მოიკითხოთ, ვისგან და რატომ არის ეს კონკრეტული მოსამართლე პრივილეგირებული. რატომ სარგებლობს ეს კონკრეტული მოსამართლე, რომელიც პოლიტიკურ პლატფორმას აძლევს მიხეილ სააკაშვილს სასამართლო სხდომათა დარბაზში, ვისგან არის ეს კონკრეტული მოსამართლე და რატომ პრივილეგირებული. აქ ამაზე მეტ კომენტარს არ გავაკეთებ, ჯერ კიდევ დეპუტატი ვარ და ამით ვსარგებლობ. აღმასრულებელი ხელისუფლების მხრიდან მეტად გამიჭირდება ასეთი კომენტარების გაკეთება, მაგრამ დღეს ჯერ კიდევ შემიძლია გავაკეთო ასეთი კომენტარი.
რა თქმა უნდა, ლეგიტიმურია ნებისმიერი შეკითხვა იმასთან დაკავშირებით, რომ არ შეიძლება სასამართლო იყოს გამოყენებული, როგორც პოლიტიკური სიტყვის თქმით პლატფორმა, თუმცა კიდევ ერთხელ მოიკითხეთ, რასთან შეიძლება გვქონდეს საქმე. საბოლოო ჯამში, კვალი შეიძლება მივიდეს იქ, სადაც თქვენი კვალიც მიდის", - თქვა კობახიემ.