ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ რუსეთისთვის სანქციების დაწესებაზე მმართველი გუნდის პოზიცია უცვლელია და ამ პოზიციას ვერავინ შეაცვლევინებს.
"ეკონომიკური სანქციების დაწესებით საქართველოს ხელისუფლება ვერავითარ ზიანს ვერ მიაყენებს რუსეთს, საკუთარ ქვეყანასა და მოსახლეობას კი უმძიმესი დარტყმის ქვეშ დააყენებს. აქედან გამომდინარე, ჩვენი პოზიცია სანქციების დაწესებასთან დაკავშირებით არის უცვლელი და ამ პოზიციას ვერავითარი პროვოკაციების, ფარული კამპანიების თუ უცხოელი ლობისტების მეშვეობით ვერავინ შეგვაცვლევინებს. ვიმეორებთ, რომ საქართველო არ შეუერთდება რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებს", - თქვა მან ბრიფინგზე.
კობახიძემ ნაციონალური მოძრაობა სანქციების დაწესებაზე ფარულ აგიტაციაში დაადანაშაულა.
"როგორც ცნობილია, "ომის პარტია", ნაციონალური მოძრაობის სახით, ღიად ვერ ბედავს საუბარს სანქციების დაწესებისა და საქართველოს სამხედრო კონფლიქტში ჩართვის სურვილის შესახებ. თუმცა, ყველა მათი პროვოკაცია სწორედ ამისკენ არის მიმართული. მათი აშკარა მიზანია, ხელისუფლებამ მიიღოს ქართული სახელმწიფოსა და ქართველი ხალხისთვის უკიდურესად საზიანო გადაწყვეტილებები, დააწესოს ეკონომიკური სანქციები და ქვეყანა ჩართოს ომში, რაც საქართველოსთვის და ქვეყნის მოსახლეობისთვის უმძიმესი შედეგების მომტანი იქნება.
აღსანიშნავია, რომ ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში, სანქციების მიმართულებით ნაციონალური მოძრაობის პროვოკაციულ კამპანიაში მათი უცხოელი ლობისტებიც აქტიურად ჩაერთვნენ. ამ დღეების განმავლობაში, ნაციონალური მოძრაობის კუთვნილმა ტელევიზიებმა გააშუქეს ასეთი ლობისტების რამდენიმე განცხადება, რომლებითაც ისინი საქართველოს ხელისუფლებას სანქციებზე მიერთებისკენ მოუწოდებდნენ", - განაცხადა კობახიძემ.
მისი თქმით, 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთისთვის სანქციები მსოფლიოს არც ერთ ქვეყანას არ დაუწესებია, მათ შორის არც საქართველოს მაშინდელ ხელისუფლებას.
"უკრაინელი ხალხის მიმართ ჩვენი განსაკუთრებული დამოკიდებულებიდან გამომდინარე, ბუნებრივია, ჩვენი სოლიდარობა უკრაინის მიმართ განსაკუთრებულია. თუმცა, გაუგებარია, როგორ შეიძლება მოგვთხოვონ სანქციების დაწესება უკრაინაში მიმდინარე რუსული სამხედრო აგრესიის გამო, როდესაც ეს საქართველოს ხელისუფლებას საკუთარი ქვეყნის ოკუპაციის შემდეგაც კი არ გაუკეთებია.
მოვუწოდებთ "ომის პარტიას", თუ სანქციების დაწესებას ემხრობიან, კეთილი ინებონ და ფარული აგიტაციის, პროვოკაციების მოწყობისა და უცხოელი ლობისტების დაქირავების ნაცვლად, ღიად ისაუბრონ ამაზე", - აღნიშნა კობახიძემ.