logo
ENG



კობახიძე: საქართველოში კაზინოები მოქმედებს ბევრი წელია, საპატრიარქოსთან პრობლემები არ გვაქვს

24 ნოე 202612:17
3 წუთის საკითხავი
 
2026/11/24/xa1e6d6qz575uq1.png

"ქართული ოცნების" პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ საქართველოში კაზინოები ბევრი წელია მოქმედებს და ეს არის, მათ შორის, ტურიზმის ერთგვარი შემადგენელი ნაწილი.

კობახიძის მტკიცებით, კაზინოების სექტორში უხეში ჩარევა გამოიწვევს ძირეულ პრობლემებს ქვეყნის ეკონომიკასა და ტურიზმში.

მისი თქმით, საპატრიარქოსთან მუდმივი კომუნიკაცია აქვთ და აღნიშნულ თემაზე პრობლემა არ არის. 

"საქართველოში კაზინოები მოქმედებს ბევრი წელია და ეს არის, მათ შორის, ტურიზმის ერთგვარი შემადგენელი ნაწილი. ასე განვითარდა ეს სექტორი. შესაბამისად, ერთბაშად უხეშად რომ შეეხო ამ სექტორს, ეს გამოიწვევს პრინციპულ, ძირეულ პრობლემებს ქვეყნის ეკონომიკისთვის და ტურიზმისთვის. რაც შეეხება საპატრიარქოს, ჩვენ საპატრიარქოსთან გვაქვს მუდმივი კომუნიკაცია და ამ კუთხით არანაირი პრობლემა არ გვაქვს", - თქვა კობახიძემ.

მიუხედავად იმისა, რომ კობახიძის თქმით ამ კუთხით საპატრიარქოსთან პრობლემა არ აქვთ, საპატრიარქომ კაზინოებისთვის დაწესებული საგადასახადო შეღავათები ღიად გააკრიტიკა. საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ანდრია ჯაღმაიძემ თქვა, რომ კანონის სწრაფი ტემპით მიღებამ კითხვების დასმის დროც კი აღარ დატოვა.

"ჩვენთვის იყო მოულოდნელი აზარტულ თამაშებზე ასე სწრაფად მიღებული კანონი. ჩვენ შეკითხვების დასმაც კი ვერ მოვასწარით, ისე სწრაფად განვითარდა მოვლენები და სამი მოსმენით მიიღეს ეს კანონი.

ძალიან ვწუხვართ, რომ ვერ მოვახერხეთ ამაში ღრმად ჩახედვა და გარკვევა. კათოლიკოს პატრიარქი დასავლეთში იმყოფებოდა ამ პერიოდში და ვგეგმავთ აუცილებლად, რომ ამის შესახებ ვისაუბროთ ხელისუფლებასთან და იმედი გვაქვს, რომ სიცხადე აქ უფრო მეტი იქნება", – განაცხადა ჯაღმაიძემ.

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა რგულაციების აღსრულებასა და ზიანის შემცირების გზებზეც ისაუბრა. მისი თქმით, ადრე რეგულაციების შემუშავებაში მონაწილეობას საპტარიარქოც იღებდა და მაშინ განხილვები 4 წელიწადს გაგრძელდა.

"ქართული ოცნების" პარლამენტმა კაზინოებს საერთაშორისო ტურნირების ჩატარების უფლება დაჩქარებული წესით 28 ოქტომბერს მიანიჭა.


close დახურვა