ქართული ოცნების თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის აზრით, მოშიმშილე ადამიანს რეაბილიტაციისთვის მულტიფუნქციური კლინიკა არ სჭირდება და მხოლოდ საკვების დოზირებაც საკმარისია.
"მილიონ ადამიანს უშიმშილია საქართველოში. შიმშილობის შემდეგ არავის არ დასჭირვებია არანაირი მულტიფუნქციური და მაღალტექნოლოგიური კლინიკა, იმისათვის, რომ გაიაროს რეაბილიტაცია. ერთადერთი, რაც სჭირდება ადამიანს შიმშილობის შემდეგ, ესაა საკვების სათანადო დოზირება", - თქვა მან პარლამენტში ჟურნალისტებთან საუბრისას.
11 ნოემბერს მიხეილ სააკაშვიმა განაცხადა, რომ შიმშილობის შეწყვეტას აპირებს, თუმცა, გარკვეული დათქმებით.
ექსპრეზიდენტის განცხადებაში, რომელიც საზოგადოებას მისმა ადვოკატმა, ნიკა გვარამიამ წაუკითხა, ნათქვამია, რომ მიხეილ სააკაშვილი შიმშილობას შეწყვეტს, თუ მას მრავალპროფილურ სამოქალაქო კლინიკაში გადაიყვანენ, ხოლო მის ჯანმრთელობაზე ექიმების კონსილიუმი იზრუნებს.
"შიმშილობის შემდეგ რეაბილიტაციის პროცესი ბევრად უფრო რთულია, ვიდრე შიმშილობის მართვის პროცესი. ამიტომაც, გლდანის საავადმყოფოში ამის არც ტექნოლოგიური პირობებია, არც სათანადო კვალიფიკაციის მედპერსონალი.
ამას გარდა, წარმოუდგენელია, მე ვენდო იმ დაწესებულების თანამშრომლებს, ვინც წამების პირობებში მამყოფებს და ვისი ძალადობის კადრებიც დღეს იხილეთ.
ასევე, აქ არ არსებობს უსაფრთხოების და ფსიქოლოგიური ძალადობისგან დაცვის არანაირი გარანტია, რაც სტრასბურგის სასამართლოს მოთხოვნაცაა.
ასევე, უდიდეს საფრთხედ მიმაჩნია გორის ჰოსპიტალი, რადგან რუსეთის სპეცდანიშნულების დანაყოფები რამდენიმე კილომეტრში იმყოფებიან ამ ჰოსპიტალიდან. იმ რუსეთის, ვინც ჩემი ლიკვიდაციის მთავარი დამკვეთია.
შესაბამისად, ვითხოვ, ექიმების კონსილიუმის მიერ იქნას მიღებული გადაწყვეტილება, თუ რომელ მულტიფუნქციურ დაწესებულებაში და მკურნალობის რა მეთოდით ვიქნები უზრუნველყოფილი პოსტშიმშილობის რეაბილიტაციის პროცესის დროს".
მიხეილ სააკაშვილი საქართველოში 1-ლ ოქტომბერს დააკავეს. იმავე დღეს მან შიმშილობა დაიწყო და უკვე 48-ე დღეა, საკვები არ მიუღია.
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მიხეილ სააკაშვილის საქმეს პრიორიტეტი მიანიჭა და 10 ნოემბერს გამოსცა დროებითი ზომა, რომლის მიხედვითაც, ერთი მხრივ, ექსპრეზიდენტს მოუწოდა, შეწყვიტოს შიმშილობა, ხელისუფლებას კი მოუწოდა, უზრუნველყოს მისი უსაფრთხოება ციხეში და მისთვის სათანადო სამედიცინო მკურნალობის მიწოდება პოსტ-შიმშილობის რეაბილიტაციის პერიოდში.