logo
ENG



კობახიძე: სხვა თემებიც გვაქვს, მათ შორის სატელეფონო საუბრებში რას ითხოვდნენ ჩვენგან

05 აპრ 202323:37
3 წუთის საკითხავი
 
კობახიძე: სხვა თემებიც გვაქვს, მათ შორის სატელეფონო საუბრებში რას ითხოვდნენ ჩვენგან

ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე მოსამართლეთა სანქცირების შესახებ აცხადებს, რომ "დამოუკიდებელ სასამართლოში" ჩარევის პოლიტიკური ინტერესი არსებობს. ის საუბრობს "სხვა თემებზეც" და ახსენებს სატელეფონო საუბრებს - კობახიძე არ აკონკრეტებს, რას გულისხმობს, თუმცა აანონსებს, რომ ამის დრო, შეიძლება, მომავალში დადგეს. ამის შესახებ კობახიძემ იმედი ეთერში ისაუბრა.

"რაც შეეხება მტკიცებულებებს, ნული მტკიცებულება, არავითარი მტკიცებულება. გვიმალავენ? დანაშაულია ჩადენილი და გვიმალავენ ჩვენ? ან რატომ გვიმალავენ? ეს ხომ არასერიოზულია. თუ დანაშაულია ჩადენილი, პირველი ინტერესი ხომ უნდა გქონდეს, რომ აცნობო მეორე მხარეს ამ დანაშაულის შესახებ ან საზოგადოებას მაინც უთხრა. კარგი, NGO-ების გამჭვირვალობა არ გინდა, მაგრამ აქ მაინც იყავი გამჭვირვალე და უთხარი საზოგადოებას, რომ ამა და ამ მოსამართლეებმა ჩაიდინეს ესა და ეს დანაშაული. რატომ არ ამბობს, თუ მტკიცებულება გაქვს? აქ სად არის ლოგიკა, რა თქმა უნდა, აქ არ არის არავითარი ლოგიკა. ეს თემები ჩამოვთვალე მე, რაც მეტყველებს საპირისპირო მხარეს, რომ არის პოლიტიკური ინტერესი, მოხდეს ჩარევა დამოუკიდებელ სასამართლოში.

ჩვენ სხვა თემებიც გვაქვს, ბევრ სხვა თემასაც გავიხსენებდი, დღეს არ მინდა ამაზე საუბარი, შეიძლება, მომავალში დადგეს ამის დრო. ბევრი სხვა თემაც გვაქვს, მათ შორის სატელეფონო საუბრებში რეებს ითხოვდნენ ჩვენგან და ა.შ. ეს ყველაფერი არსებობს, ამიტომ, მე მინდა, ყველას მოვუწოდო, დაიცვან წესები და იმოქმედონ წესების შესაბამისად. ჩვენი პრინციპი არის ის, რომ სასამართლო უნდა იყოს დამოუკიდებელი", - ამბობს კობახიძე.

დღეს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა კორუფციისთვის სანქციები დაუწესა მიხელ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს, ირაკლი შენგელიას და ვალერიან ცერცვაძეს. სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი აღნიშნავს, რომ მათ, როგორც სასამართლოს თავმჯდომარეებმა და იუსტიციის უმაღლესმა წევრებმა, ბოროტად გამოიყენეს საკუთარი თანამდებობები.

სანქცირებასთან დაკავშირებით აშშ აცხადებს, რომ ჰქონდათ სანდო ინფორმაცია, რის თანახმადაც, მოსამართლეები ბოროტად იყენებდნენ საჯარო თანამდებობას კორუფციულ გარიგებებში მონაწილეობით. მათი თქმით, ეს აზიანებდა სასამართლო და საჯარო პროცესს, მოსამართლეების მიმართ უკანონო სარგებლის შეთავაზებით ან ზეწოლით, რათა მიეღოთ მათი პოლიტიკური მოკავშირეების სასარგებლო გადაწყვეტილებები და ახდენდნენ მოსამართლეთა დანიშვნებით მანიპულირებას, პირადი სარგებლის მიღების მიზნით.

ამას გამოეხმაურა ერთ-ერთი სანქცირებული მოსამართლე, ლევან მურუსიძე და განაცხადა, რომ "არა უშავს". მისი თქმით, ამ ფაქტს "როგორმე გადაიტანს".

ოპოზიციის და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები სასამართლო სისტემის პრობლემებზე მუდმივად საუბრობენ და მიუთითებენ, რომ არსებობს მოსამართლეთა ე.წ. კლანი, რომელთა წევრებად სწორედ აშშ-ის მიერ სანქცირებულ პირებს მოიაზრებენ. მათ არაერთხელ მოითხოვეს აღნიშნული მოსამართლეების პერსონალური სანქცირება.

ამ საკითხზე კომენტარი გაკეთებული აქვს ე.წ კლანის წევრს, ლევან მურუსიძესაც - მისი აზრით, ერთ-ერთი რიგითი მოსამართლეა, რომელიც საქმეებს იხილავს და პოლიტიკურ საკითხებზე კომენტარს არ აკეთებს. რაც შეეხება სანქცირების შესახებ კითხვას, მურუსიძემ ამას თავის დროზე ლექსით უპასუხა.


close დახურვა