logo
ENG



კობახიძე: უკრაინასაც აქვს სავაჭრო ურთიერთობები რუსეთთან

02 მაი 202214:37
3 წუთის საკითხავი
 
კობახიძე: უკრაინასაც აქვს სავაჭრო ურთიერთობები რუსეთთან

ირაკლი კობახიძის თქმით, სავაჭრო ურთიერთობები რუსეთთან უკრაინასაც აქვს და ეს პრაგმატული გადაწყვეტილებაა. 

ქართული ოცნების თავმჯდომარემ ეს განცხადება რუსეთის მიმართ სანქციების საკითხის შეფასების დროს თქვა. 

"ჩვენ გვაქვს მკაფიო პოზიცია სანქციებზე და ვინარჩუნებთ გარკვეულ ურთიერთობებს რუსეთის ფედერაციასთან, მათ შორის, სავაჭრო ურთიერთობებს. მე ასევე შეგახსენებთ, რომ დღეს ომში მყოფი უკრაინაც ინარჩუნებს სავაჭრო ურთიერთობებს რუსეთთან. ეს არის გაზი. გაზის 80%-ის რეექსპორტი ევროკავშირში ხდება სწორედ უკრაინის მიერ. ანუ, უკრაინასაც კი აქვს სავაჭრო ურთიერთობები რუსეთის ფედერაციასთან. ეს არის ჩვეულებრივი სავაჭრო ურთიერთობები, მათ შორის, რეიმპორტს ახდენს ამ გაზის პოლონეთიდან და უნგრეთიდან.

ანუ, ჩვეულებრივად უკრაინას აქვს სავაჭრო ურთიერთობები რუსეთთან, ეს დღევანდელი ფაქტობრივი მოცემულობაა. არავის არ უთქვამს, რომ უკრაინის ეს გადაწყვეტილება არის ან არალეგიტიმური, ან ამორალური. პრაგმატულ გადაწყვეტილებას იღებს ნებისმიერი სახელმწიფო, უკრაინამაც მიიღო პრაგმატული გადაწყვეტილება – აწვდის თავისი გავლით გაზს ევროკავშირის ქვეყნებს, თვითონაც იბრუნებს ორი ქვეყნიდან ამ გაზს, აქვს სავაჭრო ურთიერთობები რუსეთთან. ეს არის ჩვეულებრივი პრაგმატული გადაწყვეტილება. ჩვენ, ჩვენი საფრთხეებიდან და მოცემულობიდან გამომდინარე, ვიღებთ შესაბამის პრაგმატულ გადაწყვეტილებებს". - თქვა ირაკლი კობახიძემ. 

დასავლეთმა რუსეთს, უკრაინაში შეჭრის გამო, მკაცრი სანქციები დაუწესა.  საქართველო სანქციებს არ უერთდება. უკრაინა აცხადებს, რომ თანხა, რომელიც რუსეთში სანქციებზე არშეერთების შედეგად შედის, ომის დაფინანსებას ემსახურება. 


close დახურვა