logo
ENG



კობახიძე: ჩემი ინფორმაციით, პრეზიდენტთან დაიბარეს სებ-ის კანდიდატები, სთხოვეს უარის დაწერა

21 სექ 202313:19
3 წუთის საკითხავი
 
ფოტო: ვახო ქარელი/ფორმულა

ქართული ოცნების თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის თქმით, გუშინ, საქართველოს პრეზიდენტმა დაიბარა საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატები - ნანა ყეინიშვილი და თეიმურაზ ხომერიკი და მათზე "საბოტაჟი და ზეწოლა" სცადა.

კობახიძის მტკიცებით, აქვს "გადამოწმებული ინფორმაცია" იმაზე, რომ პრეზიდენტმა სებ-ის საბჭოს კანდიდატებს განცხადების დაწერა და კანდიდატობაზე უარის თქმა მოსთხოვა.

"კიდევ ერთხელ მოხდა ალიანსის ლუსტრაცია, რაც არის სალომე ზურაბიშვილსა და რადიკალურ ოპოზიციას შორის. მეტიც, ჩვენი ინფორმაციით, გუშინ იბარებდნენ ამ კანდიდატებს და მოსთხოვეს... ჩემი ინფორმაციით, გუშინ პრეზიდენტთან დაიბარეს ეს კანდიდატები და მათ სთხოვდნენ განცხადების დაწერას უართან დაკავშირებით. ამაზე მეტი საბოტაჟი და ზეწოლა რა შეიძლება იყოს. ეს არის სწორედ უღირსი საქციელი. ერთ-ერთის მონაყოლი ამბავია, მე პირდაპირ არ მაქვს ეს ინფორმაცია, მაგრამ ერთ-ერთ კანდიდატს აქვს მონაყოლი ეს ისტორია და ამასთან დაკავშირებით მე მომაწოდეს ინფორმაცია. [...] სრული ალიანსია სალომე ზურაბიშვილსა და რადიკალურ ოპოზიციას შორის, რაც ძალიან მძიმეა და ეს არის უღირსი საქციელი. როდესაც გქვია საქართველოს პრეზიდენტი, არ შეიძლება დახვიდე სალომე სამადაშვილამდე", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კობახიძე პარლამენტის მიერ სებ-ის საბჭოს წევრობის კანდიდატების მხარდაჭერასაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მხარდაჭერასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება "საგანგებოდ შეკრებილ უმრავლესობის სხდომაზე მიიღეს". მისივე თქმით, კანდიდატების არჩევის ჩაგდება "რადიკალური ოპოზიციის და სალომე ზურაბიშვილის ინტერესებშია, რათა მოეხდინათ ეროვნული ბანკის საბოტაჟი".

"კომიტეტის სხდომა შედგა თავდაპირველად, სადაც არ იყვნენ მოსული კანდიდატები, თუმცა მათი პოზიცია გასაგებია, ამ ფონზე, იყო სერიოზული რისკი იმისა, რომ შეიძლება ოპოზიციას რაღაც შანტაჟისთვის გამოეყენებინა ეს პროცედურა და რეალურად, ვერ შედგებოდა იმ შინაარსით საკომიტეტო მოსმენა, რაც არის გათვალისწინებული რეგლამენტით, ამიტომ გასაგებია მათი პოზიცია. ამის გამო, კომიტეტმა გამოიტანა შესაბამისი დასკვნა, თუმცა, შემდეგ შედგა უმრავლესობის სხდომა, საგანგებოდ შევიკრიბეთ ამ თემასთან დაკავშირებით და მივიღეთ გადაწყვეტილება ორივე წევრის არჩევასთან დაკავშირებით.

განმარტება გუშინ ოპოზიციის წარმომადგენლებმა თავად შემოგთავაზეს - პირდაპირ გამოდიოდნენ რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები, ჯერ მოუწოდებდნენ პრეზიდენტს, გაეწვია კანდიდატები, რისი უფლებაც არ ჰქონდა, შემდეგ მოვიდა დილით კომიტეტზე პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი და გამოხატა ზოგადი პოზიცია, რომ უმჯობესი იყო მოგვიანებით განხილულიყო ეს საკითხი. აქედან გამოჩნდა რა, რომ ვიღაცის ინტერესებში, რადიკალური ოპოზიცია, თავისი სალომე ზურაბიშვილით, მათ ინტერესებში იყო კიდევ ერთხელ კონკრეტული ორგანოს საბოტაჟი, ამ შემთხვევაში, ეროვნული ბანკის", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატებს მხარი დაუჭირა. ნანა ყეინიშვილის კანდიდატურას 84-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, ხოლო თეიმურაზ ხომერიკს უმრავლესობის 82-მა წევრმა.

დღეს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე პრეზიდენტის მიერ წარდგენილი 2 კანდიდატისთვის - ნანა ყეინიშვილისთვის და თეიმურაზ ხომერიკისთვის უნდა მოესმინათ, თუმცა, სხდომაზე პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა განაცხადა, რომ სალომე ზურაბიშვილი უარს აცხადებს კანდიდატების წარმოდგენაზე.

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ პაატა კვიჟინაძემ სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ პრეზიდენტმა კანდიდატურები უკვე წარმოადგინა და მათი გაწვევის მექანიზმი კანონში არ არსებობს.

იმის მიუხედავად, რომ კომიტეტმა აღნიშნულ კანდიდატებს განხილვაზე მხარი არ დაუჭირა და პლენარულ სხდომას თავისი უარყოფითი დასკვნა წარუდგინა, უმრავლესობამ საკითხს კენჭი მაინც უყარა.

***

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის ვაკანტურ თანამდებობებზე ასარჩევად ნანა ყეინიშვილისა და თეიმურაზ ხომერიკის კანდიდატურები 14 სექტემბერს წარუდგინა.

გუშინ გამართულ ბრიფინგზე სალომე ზურაბიშვილმა თქვა, რომ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ნათია თურნავა უნდა გადადგეს და მის მიერ მიღებული ერთპიროვნული გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს.

19 სექტემბერს ყოფილი გენერალური პროკურორის ოთარ ფარცხალაძის დასანქცირების შემდეგ ეროვნულმა ბანკმა სანქციათა რეჟიმების შესრულების წესში ცვლილება შეიტანა

ამ ცვლილებას წინ უძღოდა ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძის განცხადება, რომელმაც არაკონსტიტუციური უწოდა ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებას ფარცხალაძისთვის ანგარიშებზე წვდომის შეზღუდვაზე.

ამ გადაწყვეტილების შემდეგ, ეროვნული ბანკი სამივე ვიცეპრეზიდენტმა დატოვა.


close დახურვა