logo
ENG



კობახიძე:რურუას 8 მარტის შეთანხმებასთან კავშირი არ აქვს, ეს მორიგი კრიმინალური საქმეა

29 ივნ 202014:10
3 წუთის საკითხავი
 
hmwli1ilweyhkwp.png

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი კობახიძემ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ „მთავარი არხის“ მეწილეს გიორგი რურუას 8 მარტის შეთანხმებასთან კავშირი არ აქვს.

კობახიძის თქმით, გიორგი რურუას საქმე არის ერთი რიგითი კრიმინალური შემთხვევა, რომელზეც გადაწყვეტილებას სასამართლო მიიღებს.

„რურუას 8 მარტის შეთანხმებასთან არანაირი კავშირი არ აქვს. დღეს აღსრულდა 8 მარტის შეთანხმება. რაც შეეხება რურუას, ეს არის მორიგი კრიმინალური საქმე, რასთან დაკავშირეითაც, ისევე როგორც სხვა საქმეებზე, გადაწყვეტილებას იღებს სასამართლო. შესაბამისად, როგორც სხვა კრიმინალური საქმეები, ასევე გადაწყდება ეს საქმეც“, - განაცხადა კობახიძემ. 

2020 წლის არჩევნები 120/30-ზე პროპორციით ჩატარდება - პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებები მესამე მოსმენით დღეს, 29 ივნისს, მიიღო.

კენჭისყრის პარალელურად მიმდინარეობდა რურუას სასამართლო პროცესიც. 
მოსამართლემ არ დააკმაყოფილა ადვოკატების შუამდგომლობა და "მთავარი არხის" მეწილე და თანადამფუძნებელი წინასწარ პატიმრობაში დატოვა.

ამის გამო კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო ოპოზიციამ. ევროპული საქართველო მეორე და მესამე მოსმენაზე ცვლილების მხარდაჭერის წინაპირობად რურუას გათავისუფლებას ასახელებდა, ნაციონალურმა მოძრაობამ კი არც პირველ მოსმენაში მიიღო მონაწილეობა. 

გიორგი რურუა, რომელიც მოძრაობა "სირცხვილიას" ფინანსურად ეხმარებოდა, გასული წლის 18 ნოემბერს, ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა შენახვის ბრალდებით დააკავეს. მოგვიანებით მის ბრალდებას დაემატა სასამართლო გადაწყვეტილების შეუსრულებლობა და მისთვის ხელის შეშლა. რურუა ბრალს არ აღიარებს.

გიორგი რურუას გათავისუფლება ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის 8 მარტს მიღწეული შეთანხმების ნაწილია. შეთანხმება, რომელსაც მხარეებმა ელჩების ჩართულობით მიაღწიეს, ორნაწილიანია და მოიცავს როგორც საარჩევნო სისტემის ცვლილებას, ასევე პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებას. ოპოზიცია აცხადებს, რომ გიგი უგულავასა და ირაკლი ოქრუაშვილთან ერთად, შეთანხმების მიხედვით, უნდა გათავისუფლებულიყო გიორგი რურუაც.

"ქართული ოცნება" შეთანხმების მეორე ნაწილის არსებობას დღემდე უარყოფს, თუმცა, ოპოზიციისა და დასავლელი პარტნიორების ზეწოლის ფონზე, საქართველოს პრეზიდენტმა უკვე შეიწყალა უგულავა და ოქრუაშვილი. 

იმას, რომ პატიმრების გათავისუფლება შეთანხმების ნაწილია, ადასტურებს დიალოგის ფასილიტატორების განცხადებები, რომლებიც მხარეებს მისი სრულად შესრულებისკენ მოუწოდებენ და "სასამართლო პროცესების არასათანადო პოლიტიზაციის აღქმაზე" რეაგირების პირობას უსვამენ ხაზს.

ამ დრომდე მმართველ გუნდს არა ერთმა სენატორმა, ევროპარლამენტარმა და კონგრესმენმა მოუწოდა, რომ შეასრულოს 8 მარტის შეთანხმება და გიორგი რურუა გაათავისუფლონ საპატიმროდან. 

ამასთან, შესაძლოა, აშშ-ის თავდაცვის აქტში შევიდეს ცვლილებები, სადაც რურუას პატიმრობაზეა საუბარი.


close დახურვა