logo
ENG



კობახიძე Edison Research-ის კვლევებზე: ეს გაავრცელა ტელევიზია - სიცრუის ფორმულამ

24 ივლ 202023:30
3 წუთის საკითხავი
clock 449
thnlhz1afalu7ex.jpg

„ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა ირაკლი კობახიძემ გადაცემაში „ღამის კურიერი“ განაცხადა, რომ მმართველი გუნდი შიდა კვლევებით, 50%-ზე მეტს აიღებს.

კობახიძის თქმით, „Edison Research“-ის ბოლო კვლევების ჩამტარებელ ქართულ საველე კომპანიას შეეძლო რიცხვების გაყალბება.

„ეს მონაცემები გაავრცელა ტელევიზიამ, რომელსაც ჰქვია „ფორმულა“ ჩვენ თამამად ვუწოდებთ "სიცრუის ფორმულას" გამომდინარე მუდმივი სიყალბისა, რომელიც ამ ტელევიზიაში ტრიალებს და პირდაპირ არის დაკავშირებულ კონკრეტულ პარტიასთან - „ნაცმოძრაობასთან“ და მისი ერთ-ერთი სატელიტთან. „ედისონი“ საერთაშორისო კომპანიაა, ისინი მალავენ ვინ ჩაატარა საველე სამუშაოები. ჩვენც გვაქვს კვლევების ჩატარების კუთხით გამოცდილება და ძალიან კარგად ვიცით. როდესაც ბრენდი გამოიყენება საერთაშორისო კომპანიის, ისინი ჩართული არიან რა თქმა უნდა, მეთოდოლოგიის შემუშავებაში, მაგრამ ველზე მუშაობს ქართული კომპანია, რომელსაც ისინი მალავენ. „ედისონს“ ვერაფერს დავაბრალებთ, მაგრამ ველზე მომუშავე კომპანიას, შეეძლო ეს გაეყალბებინა“, - განაცხადა კობახიძემ.

Edison Research-ის მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგებით, პასუხები კითხვაზე, თუ ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები დღეს რომ ჩატარდეს, პასუხები შემდეგნაირად ნაწილდება:

ქართული ოცნება - 39%;

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - 16%;

ევროპული საქართველო - თავისუფალი დემოკრატები - 5%;

მოსახლეობის 20% ამბობს, რომ არ გადაუწყვეტია, ვის მისცემს ხმას.

საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა ტელეკომპანია "ფორმულას" დაკვეთით ავტორიტეტულმა კვლევითმა კომპანიამ Edison Research ჩაატარა.

კვლევა 23 ივნისი - 13 ივლისის პერიოდში, პირისპირ გამოკითხვის მეთოდით ჩატარდა. კვლევის ფარგლებში ქვეყნის მასშტაბით (გარდა ოკუპირებული ტერიტორიებისა) შემთხვევითი შერჩევით გამოიკითხა საქართველოში მცხოვრები 18 წლისა და მეტი ასაკის 2000 ადამიანი. შედეგების ცდომილება + - 2.1%-ია.


close დახურვა