logo
ENG



კობახიძე The Killers-ზე: ხშირად, აღელვება ხელოვნურია, რწმენას მაძლევს წარსული შემთხვევები

16 აგვ 202318:50
3 წუთის საკითხავი
 
კობახიძე The Killers-ზე: ხშირად, აღელვება ხელოვნურია, რწმენას მაძლევს წარსული შემთხვევები

ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე The Killers-ის კონცერტზე მომხდარ ინციდენტსაც ნაციონალური მოძრაობის კონტექსტში განიხილავს - მისი თქმით, წარსული შემთხვევები აძლევს რწმენას თქვას, რომ ხშირად მსგავსი აღელვება "ხელოვნურია".

"არ ვიცი, ის იყო, როგორც ჩანს, ერთ-ერთი მაყურებელი და ის ერთ-ერთმა ჯგუფის წევრმა მოიხმო სცენაზე. არ ვიცი, აქ რა შეიძლება, გაკეთდეს. უბრალოდ, მე მინდა, შეგახსენოთ ერთი რამ - იყო ასეთი შემთხვევა, ბოლო საპარლამენტო არჩევნების დროს, როდესაც ნაცმოძრაობის, ვითომ მთავარი ანტი-რუსული პარტიის მთავარ თავყრილობაზე, თავისუფლების მოედანზე რუსულ ენაზე შესრულდა თბილისო და მაშინ არავინ არ აღელვებულა, არცერთი ადამიანი. ვითომ მთავარი ანტი-რუსული პარტია და არცერთი ადამიანი არ აღელვებულა და დღეს, როცა ვხედავთ ასეთ აღელვებას, რა თქმა უნდა, აქ არის ხელოვნურების ძალიან სერიოზული ნიშნები.

თქვენ იცით, რომ ელენე ხოშტარია, პრაქტიკულად ყოველთვიურ რეჟიმში იღებს მთლიანობაში მილიონობით რუსულ რუბლს რუსეთის ბიუჯეტიდან, ამაზეც არავინ არ ღელავს, ეს მეორე ფაქტი. გიორგი ვაშაძე აქირავებს რუს მდგმურზე თავის ბინას, აქირავებდა/აქირავებს, არ ვიცი, ყოველ შემთხვევაში, აქირავებდა, მინიმუმ. ამაზეც არავინ ღელავს. ამიტომ, მე მგონია, მაქვს უფლება მჯეროდეს, რომ ასეთი აღელვებები უმეტეს შემთხვევაში, არის ხელოვნური, რა თქმა უნდა, იქ ბევრი ადამიანი გულწრფელად შეიძლება აღელდა, ბუნებრივია, რუსეთს აქვს ოკუპირებული ჩვენი ტერიტორიების 20% და მე რა თქმა უნდა, პატივს ვცემ იმ ადამიანებს, ვისაც გულწრფელი აღელვება ჰქონდათ, მაგრამ მე მგონია, რომ ხშირ შემთხვევაში, ასეთი აღელვება არის ხელოვნური და ამ რწმენას მაძლევს წარსული შემთხვევები", - განაცხადა მან.

გუშინ Black Sea Arena-ზე კონცერტის დროს, The Killers-ის სოლისტმა დარბაზიდან სცენაზე რუსი დრამერი აიყვანა, რასაც ხალხის პროტესტი მოჰყვა.

სოციალურ ქსელში მოქალაქეები წერდნენ, რომ ერთ-ერთი სიმღერის შესრულებამდე, ჯგუფის სოლისტმა დარბაზში შეკრებილებს ჰკითხა, იცოდა თუ არა მათ შორის ვინმემ დრამზე დაკვრა, რის შემდეგაც, სცენაზე ერთ-ერთი ადამიანი აიყვანა, რომელიც ეროვნებით რუსი აღმოჩნდა.

შერჩეული დრამერის ეროვნების გაგების შემდეგ, სოლისტმა აუდიტორიას ჰკითხა, მისაღები იყო თუ არა მათთვის, რომ სცენაზე რუს დრამერს დაეკრა, რასაც ხალხის მხრიდან შეძახილები მოჰყვა. ამის მიუხედავად, ჯგუფმა რუს დრამერთან ერთად დაუკრა.

სიმღერის დასრულების შემდეგ, The Killers-მა აუდიტორიას მიმართა და აღნიშნა, რომ მისი აზრით ეროვნებას მნიშვნელობა არ აქვს და მუსიკაში საზღვრები არ არსებობს. ამ სიტყვებს აუდიტორიის მხრიდან უფრო დიდი პროტესტი მოჰყვა, რის გამოც, მსმენელთა ნაწილმა დარბაზი დატოვა.

ბლექ სი არენაზე კონცერტის შემდეგ, The Killers-მა განცხადება გაავრცელა და მსმენელს ბოდიში მოუხადა. ბენდში ამბობენ, რომ "ხალხის თავდაპირველი პასუხი მიანიშნებდა, რომ აუდიტორიიდან სცენაზე აყვანილი ადამიანი მისაღები იყო". ისინი განმარტავენ, რომ მათი კომენტარი "შესაძლოა არასწორად იქნა გაგებული".

მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა ბლექ სი არენამაც და განმარტა, რომ "არტისტის მოქმედება სცენაზე არ არის მათი პოზიცია". კომპანია მსმენელს ბოდიშს უხდის.


close დახურვა