logo
ENG



კობახიძე აბაშიძეზე: პოზიცია დააფიქსირა, სინანული გამოხატა, აბსოლუტურად ჯანსაღი მოვლენაა

15 ივნ 202314:32
3 წუთის საკითხავი
 
2023/06/15/lxdvpk6umx6t4yv.jpg

"რა თქმა უნდა, თავისი პოზიცია დააფიქსირა ზურაბ აბაშიძემ, ეს იყო აბსოლუტურად სწორი", - ასე ეხმაურება ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე გავრცელებულ აუდიოჩანაწერს, რომელშიც საქართველოს პრემიერმინისტრის სპეციალური წარმომადგენელი ზურაბ აბაშიძე, ვლადიმერ პოზნერის საქართველოში ჩამოსვლის მეორე დღეს, მარკ ზილბერკვიტს ტელეფონზე ურეკავს და მომხდარის გამო წუხს.

კობახიძის თქმით, ზურაბ აბაშიძის პოზიცია, "სინანულის გამოხატვა ჩვეულებრივი ამბავი და აბსოლუტურად ჯანსაღი მოვლენაა". 

"რა თქმა უნდა, არავითარ თანამდებობიდან გათავისუფლებაზე არ შეიძლება იყოს საუბარი. იყო თავის დროზე კონკრეტული ინციდენტი, აბსოლუტურად მიუღებელი ინციდენტი, რომელიც შეასრულა ხოშტარიამ, რომელიც რუსეთის სახელმწიფო ბიუჯეტიდან იღებს რუსულ რუბლებს და ამასთან დაკავშირებით, ელემენტარულად, რა თქმა უნდა, თავისი პოზიცია დააფიქსირა ზურაბ აბაშიძემ, რაც იყო აბსოლუტურად სწორი. როდესაც ხოშტარია, რომელიც რუსეთის სახელმწიფო ბიუჯეტიდან იღებს რუსულ რუბლებს, უწყებს პროვოკაციას კონკრეტულ ჯგუფს, ეს არის ორმაგი სტანდარტი, არაეთიკური ქმედება და ა.შ, ამაზე ჰქონდა საუბარი ზურაბ აბაშიძეს.

ზურაბ აბაშიძე იყო და არის პასუხისმგებელი ურთიერთობებზე, აქ საუბარი არ არის დიპლომატიურ ურთიერთობებზე, რაც ჩვენ შეწყვეტილი გვაქვს, მაგრამ საუბარია სავაჭრო, ეკონომიკურ, ჰუმანიტარულ ურთიერთობებზე და ა.შ, ამით არის დაკავებული ზურაბ აბაშიძე. ასეთ დროს, როდესაც ის თავის პოზიციას აფიქსირებს კონკრეტული ადამიანის, თან ხოშტარიაზეა საუბარი, რომელიც იყო ამ პროვოკაციის ორგანიზატორი, რომელიც თან იღებს რუსულ რუბლებს რუსეთის სახელმწიფო ბიუჯეტიდან, რა თქმა უნდა, ამ პროვოკაციასთან დაკავშირებით პოზიციას და სინანულს რომ გამოხატავ, ეს ჩვეულებრივი ამბავი, აბსოლუტურად ჯანსაღი მოვლენაა", - ამბობს კობახიძე.

ინტერნეტში ვრცელდება აუდიოჩანაწერები, რომლის მიხედვითაც, რუსი პროპაგანდისტის, ვლადიმერ პოზნერის საქართველოში ჩამოსვლის მეორე დღეს, რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერმინისტრის სპეციალური წარმომადგენელი ზურაბ აბაშიძე მარკ ზილბერკვიტს ტელეფონზე ურეკავს და მომხდარის გამო წუხს. აუდიჩანაწერებს Cyber Kmara ავრცელებს, თუმცა მათი ავთენტიკურობა დადასტურებული არ არის.

ჩანაწერების თანახმად, ზილბერკვიტი ერთ-ერთია, ვინც თბილისში პოზნერის დაბადების დღის აღსანიშნავად იყო ჩამოსული - ზურაბ აბაშიძის თქმით, საკუთარ თავს ადანაშაულებს იმაში, რომ საქმეში არასათანადოდ ჩაერია. ის რუსი პროპაგანდისტის საქართველოში ჩამოსვლის გასაპროტესტებლად აქციაზე გამოსულ მოქალაქეებს "ზონდერებს", "პროვოკატორებსა" და "ნაცისტების დაჯგუფებას" უწოდებს. მისი თქმით, ეს ადამიანები "სააკაშვილის მიერ იყვნენ დაფინანსებულები".

აუდიოჩანაწერების მიხედვით, ზილბერკვიტი აბაშიძეს სთავაზობს, რომ მოგვიანებით დაურეკოს და თავად პოზნერს გაესაუბროს ამ საკითხზე. ჩანაწერების თანახმად, სატელეფონო საუბარი შედგა აბაშიძესა და პოზნერს შორისაც - რუსი პროპაგანდისტი ზურაბ აბაშიძეს ეუბნება, რომ მომხდარზე "არ ღელავს" და მეტიც, თავისი დაბადების დღის აღნიშვნას მოსკოვში, ქართულ რესტორანში აგრძელებს.

***

ვლადიმირ პოზნერი და მისი მეგობრები თბილისში 2021 წლის 31 მარტს დაბადების დღის აღსანიშნავად ჩამოვიდნენ. ისინი ქვეყანაში დარჩენას 3 აპრილამდე გეგმავდნენ.

ქართველი აქტივისტები პოზნერს საპროტესტო აქციით დახვდნენ. პროტესტი გაიმართა როგორც რუმსთან, ისე ვინოტელთან, სადაც მან თანმხლებ პირებთან ერთად ივახშმა. აქტივისტებმა, პოლიტიკოსებთან ერთად პოზნერის საქართველოდან გაძევება მოითხოვეს. სამოქალაქო პროტესტის გამო პოზნერმა და მისმა თანმხლებმა პირებმა რესტორანი პოლიციის კორდონის გავლით დატოვეს.

აქტივისტები აპროტესტებდნენ არ მხოლოდ პოზნერის საქართველოში შემოშვებას, არამედ ჩამოსული პირების მიერ კომენდანტის საათისა და შეკრების შეზღუდვის დარღვევას. 

მომხდარს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ვლადიმირ პოზნერის ვიზიტით გამოწვეული საპროტესტო აქციების ფორმა "ყოვლად დაუშვებელი" იყო.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, პოზნერი და მისი თანმხლები პირები კორონავირუსის გამო დაწესებული რეგულაციების დარღვევისთვის დააჯარიმეს. პოზნერმა და მისმა მეგობრებმა ქვეყანა მეორე დღეს დილით დატოვეს.

ვლადიმერ პოზნერი რუსი ჟურნალისტი და პროპაგანდისტია. ის წლების განმავლობაში ამართლებდა საბჭოთა კავშირის, შემდგომში კი რუსეთის მიერ ჩადენილ დანაშაულებს.

მას ეკუთვნის გამონათქვამი: "აფხაზეთი არასდროს იქნება საქართველოს ნაწილი". 


close დახურვა