logo
ENG



კობახიძე ადეიშვილზე: ქართველებს აინტერესებთ, ევროპა თუ სცემს პატივს ფუნდამენტურ პრინციპებს

12 მარ 202410:49
3 წუთის საკითხავი
 

საქართველოს პრემიერმინისტრი, ირაკლი კობახიძე ზურაბ ადეიშვილზე საუბრისას განაცხადა, რომ მთავრობასა და ქართველ ხალხს სურს დარწმუნდეს იმაში სცემს თუ არა ევროპული ბიუროკრატია პატივს სამართლებრივ სახელმწიფოში სამართლის უზენაესობის პრინციპს.

იგი ამბობს, რომ ხელისუფლება ევროპისაგან შესაბამის რეაგირებას ელის და კეზერაშვილისა და ადეიშვილის ევროპაში თავისუფალი გადაადგილება "საზოგადოებაში ევროპული ბიუროკრატიისადმი კითხვებს აჩენს".

"ჩვენ და პირველ რიგში, ქართველ ხალხს სურს დარწმუნდეს იმაში, რომ ევროპული ბიუროკრატია პატივს სცემს ფუნდამენტურ პრინციპებს, ისეთებს, როგორიცაა, სამართლებრივ სახელმწიფოში სამართლის უზენაესობა. ველით შესაბამის რეაგირებას, ეხება ეს ადეიშვილს, კეზერაშვილის - ნებისმიერ სხვა დამნაშავეს. ესენი არიან უმძიმეს დანაშაულში მსჯავრდადებული პირები. ეს არ არის მარტივი დანაშაულები - საქმე გვაქვს ბიზნესის რეკეტთან, მკვლელობის დაფარვასთან, პატიმრების წამებასთან. როდესაც ასეთი ადამიანები თავისუფლად გადაადგილდებიან ევროპის ქვეყნებში, რა თქმა უნდა, საზოგადოებაში ჩნდება კითხვები იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად არის ევროპული ბიუროკრატია სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპის ერთგული", - განაცხადა პრემიერმა ჟურნალისთებთან საუბრისას. 

***

საქართველოს მთავრობა ზურაბ ადეიშვილის გადაცემას ითხოვს, თუმცა მასზე საერთაშორისო ძებნა აღარ მიმდინარეობს. ინტერპოლმა ძებნა 2015 წლის აპრილში შეწყვიტა, მიზეზად კი ქართული მხარისათვის უცნობი ერთ-ერთი სახელმწიფოს მიერ ადეიშვილისთვის მინიჭებული ლტოლვილის სტატუსი დაასახელა. გაჩნდა ვარაუდი, რომ ეს ქვეყანა, შესაძლოა, უნგრეთი ყოფილიყო, თუმცა სახელდებოდა უკრაინაც. რამდენიმე საქმეში ბრალდებულ ზურაბ ადეიშვილზე წითელი ცირკულარით საერთაშორისო ძებნის გამოცხადების შუამდგომლობით საქართველოს მთავარმა პროკურატურამ ინტერპოლს 2013 წლის 10 იანვარს მიმართა; ნოემბრიდან კი ის უკვე ძებნილად გამოცხადდა. საქართველოს მოქალაქეობა იუსტიციის ყოფილ მინისტრს 2021 წელს შეუწყდა. მან ეს, იუსტიციის სამინისტროს თანახმად, თვითონ მოითხოვა, რადგან უკრაინის მოქალაქეობა მიიღო.


close დახურვა