logo
ENG



კობახიძე აზიმუტზე: მნიშვნელოვანი ჟესტია, რომ ეს ჩანაწერები ამოღებულია ვებგვერდიდან

16 მაი 202313:26
3 წუთის საკითხავი
 
კობახიძე აზიმუტზე: მნიშვნელოვანი ჟესტია, რომ ეს ჩანაწერები ამოღებულია ვებგვერდიდან

ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ კომენტარი გააკეთა რუსული კომპანია "აზიმუტის" შესახებ და ფაქტზე, რომ კომპანიის ვებგვერდზე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები დამოუკიდებელ სახელმწიფოებად იყო მითითებული განაცხადა, რომ "მნიშვნელოვანი ჟესტია, რომ ეს ჩანაწერები ვებგვერდიდან."

"თავისთავად ეს მნიშვნელოვანი ჟესტია, რომ ეს ჩანაწერები ამოღებულია ვებგვერდიდან – ეს ერთი. სპეკულაციის არავითარი საფუძველი არ არსებობს, თუმცა ვინც ცდილობს, რომ რაღაცნაირად აჟიოტაჟი შექმნას ამ საკითხის გარშემო ისინი არიან ნამდვილი სპეკულანტები. ანუ ცდილობენ სპეკულირებას იქაც კი, სადაც სპეკულირების არავითარი საბაბიც კი არ არსებობს."

რუსული ავიაკომპანია "აზიმუტი" საქართველოში ფრენებს 17 მაისიდან განახორციელებს. კომპანიას ვებგვერდზე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები დამოუკიდებელ სახელმწიფოებად ჰქონდა მითითებული.

რუსული ავიაკომპანია Азимут-ი, რომელმაც საქართველოდან ნებართვა მიიღო და 17 მაისიდან ფრენებს შეძლებს, უკრაინის ხელისუფლების მიერ არის სანქცირებული.

სანქცირებულთა სიაში ასევე კომპანიის სამივე დამფუძნებელი მოხვდა - ვიტალი ვანცევიპაველ უდოდი და პაველ ეკჟანოვი. კომპანიის ხელმძღვანელობა ოფიციალური კიევის ე.წ. შავ სიაში ჯერ კიდევ გასული წლის 19 ოქტომბერს მოხვდა, იგივე პერიოდში განხორციელდა კომპანია Азимут-ის დასანქცირებაც.

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი გააუქმა. ოფიციალურ პორტალზე გამოქვეყნებული განკარგულების თანახმად, გადაწყვეტილება ძალაში 2023 წლის 15 მაისიდან ამოქმედდება. პუტინმა რუსულ ავიაკომპანიებს საქართველოში ფრენაზე შეზღუდვებიც მოუხსნა.

ქართული ოცნება მანიპულირებს, თითქოს რუსეთისგან სავიზო რეჟიმის გაუქმება და ფრენების აღდგენა ისევ ქართველებისთვის არის დადებითი გადაწყვეტილება, რადგან ეს რუსეთში მყოფებს ცხოვრებას გაუადვილებს.

პარალელურად, მოქალაქეები პეტიციით ითხოვენ, რომ საქართველოს ხელისუფლებამ რუსეთის მოქალაქეების შემოსვლაზე სავიზო რეჟიმი დააწესოს, ასევე, უარი თქვას რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენაზე, რუსეთთან ფარულ გარიგებებზე და საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად მიიღოს ყველა ზომა ევროკავშირში ინტეგრაციისათვის.

***

ამ დრომდე რუსეთთან სავიზო რეჟიმი ცალმხრივად იყო გაუქმებული. ე.წ. გავრილოვის ღამის შემდეგ კი რუსეთმა 2019 წლის ივლისიდან საქართველოსთან პირდაპირი ფრენები შეწყვიტა.

ამ დროის განმავლობაში რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან არაერთხელ გაჟღერებულა, რომ რუსეთი საქართველოსთან განიხილავდა როგორც პირდაპირი ფრენების აღდგენას, ისე სავიზო რეჟიმის გაუქმებას.

იმ დროს კი, როდესაც უკრაინაში მიმდინარე მასშტაბური ომის ფონზე, დასავლეთის ქვეყნები რუსეთთან ფრენებს კრძალავდნენ და სავიზო რეჟიმსაც აწესებდნენ, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ პირიქით, მათთვის მისასალმებელი იქნებოდა უვიზო მიმოსვლა და ფრენების აღდგენაც.


close დახურვა