ფორმულას ინფორმაციით, ქართული ოცნების მოქმედ თავმჯდომარესა და პრემიერმინისტრს შორის დაპირისპირება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე სიების შედგენასა და კანდიდატების დაყენების საკითხზეც მიმდინარებს, ინფორმაციას პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე უარყოფს.
თალაკვაძე ფორმულას კითხვის პასუხად ამბობს, რომ ქართული ოცნების გუნდი, ირაკლი კობახიძის და ირაკლი ღარიბაშვილის ჩათვლით, ეკონომიკურ გამოწვევებზე ერთად, გუნდურად მუშაობს.
"არ არის დაპირისპირება, ნამდვილად. ერთად, გუნდურად ვმუშაობთ და პირველ რიგში, გვინდა, რომ ვუპასუხოთ იმ ეკონომიკურ გამოწვევებს, შევამციროთ სიღარიბე და შევუქმნათ ახალი სამუშაო ადგილები ჩვენს თანამოქალაქეებს. ეს არის ახლა N1 საზრუნავი", - ამბობს თალაკვაძე.
ფორმულამ გუშინ წყაროზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ ბიძინა ივანიშვილმა პარტიის თავმჯდომარის პოსტზე კობახიძის ღარიბაშვილით ჩანაცვლება გადაწყვიტა, თბილისის მერმა კახი კალაძემ კი, პარტიასთან ერთად, შესაძლოა, ქვეყანა დატოვოს და საცხოვრებლად იტალიაში გაემგზავროს.
დღეს ფორმულასთვის დამატებით გახდა ცნობილი, რომ კობახიძესა და ღარიბაშვილს შორის დაპირისპირება 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე სიებისა და კანდიდატების შერჩევის საკითხზეც გამწვავდა. ფორმულას ინფორმაციით, თვითმმართველობის არჩევნებზე სიებისა და კანდიდატების შერჩევა თავის თავზე პრერმიერმინისტრმა აიღო, რასაც ირაკლი კობახიძე გულისწყრომით შეხვდა.
თბილისის მოქმედმა მერმა კი საავადმყოფოდან გამოწერის შემდგომ განაცხადა, რომ სამომავლო გეგმებსა და არჩევნებზე კენჭისყრასთან დაკავშირებით თავის გადაწყვეტილებას საჯარო აუდიტორიას მოგვიანებით გააცნობს.