ქართული ოცნების საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა ირაკლი კობახიძემ საგანგებო ბრიფინგზე დავით გარეჯის თემაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ რადიკალური ოპოზიციის მხრიდან ხელისუფლების მისამართით მიზანმიმართული შეტევა ხორციელდება.
კობახიძის თქმით, ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებამ ქვეყნის საზღვრის საკითხი საქართველოს საზიანოდ გადაწყვიტა.
"ხელისუფლების წინააღმდეგ ორკესტრირებული შეტევისას განსაკუთრებით აქტიურობდნენ წინა ხელისუფლების საგარეო ბლოკის წარმომადგენლები. მათი განცხადებები ყოველგვარ ლოგიკურ ჩარჩოებს გასცდა. დღეს, როდესაც რეალურად გაჩნდა შესაძლებლობა დელიმიტაციის ჩიხში შესული პროცესის სამართლიანად ქართული და აზერბაიჯანული მხარის მიერ პროცესის დასაწყისშივე შეთანხმებული ალგორითმით ჩვენი ქვეყნის სასარგებლოდ გადაწყვეტის, რადიკალური ოპოზიცია ხელისუფლებაზე ორგანიზებულ თავდასხმას ახორციელებს და ცდილობს დაამტკიცოს, ახლადაღმოჩენილი უმნიშვნელოვანესი დოკუმენტები, მათ შორის რუკა, რომელიც საკითხის გადაწყვეტის შესაძლებლობას ქმნის, გამონაგონი და ტყუილია", - განაცხადა კობახიძემ.
მისი თქმით, საზღვართან დაკავშირებული გადაწყვეტილება საქართველოსა და აზერბაიჯანის ინტერესებისა და კეთილმეზობლური ურთიერთობის გათვალისწინებით იქნება გადაწყვეტილი.
7 ოქტომბერს მთავარმა პროკურატურამ დააკავა და საქართველოს ტერიტორიული ხელშეუხებლობის დარღვევის მუხლით ბრალი წარუდგინა დავით გარეჯის საზღვრის დამდგენი კომისიის ხელმძღვანელს, ივერი მელაშვილს და კომისიის წევრს, ნატალია ილიჩოვას.
პროკურატურის ამ ნაბიჯს ოპოზიციის, ექსპერტებისა და სამოქალაქო ჯგუფების მხრიდან პროტესტი მოჰყვა - ისინი საქმის უკან პოლიტიკურ მოტივებს ხედავენ და თემის წამოწევას წინასაარჩევნო სვლად აღიქვამენ.
გამოძიება დაკავებულებს საქართველოს საწინააღმდეგო მოქმედებას ედავება. პროკურატურა ამტკიცებს, რომ დაკავებულებმა საზღვარი ჩვენი ქვეყნის საზიანოდ მონიშნეს და "საქართველოს ტერიტორიის ნაწილი, 3500-მდე ჰექტარი უცხო ქვეყანას გადასცეს". როგორც პროკურატურა ამბობს, გამოძიება თავდაცვის სამინისტროსგან მიღებული წერილობითი ინფორმაციის საფუძველზე 17 აგვისტოს დაიწყო. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულებს ათიდან 15 წლამდე პატიმრობა ელოდებათ.
აზერბაიჯანის და საქართველოს საზღვარი, არსებული ფორმით, 1938 წელს, საბჭოთა კავშირის პირობებში დადგინდა და ორმხრივად შეთანხმდა. თუმცა, დადგენილია სახელმწიფო საზღვრის მხოლოდ ნაწილი - 294 კილომეტრი 446 კილომეტრიანი ზოლიდან. სწორედ შეუთანხმებელი საზღვრის დადგენაზე მუშაობს სპეციალური კომისია, რომელსაც ბოლო წლების განმავლობაში ივერი მელაშვილი უძღვებოდა.
პროკურატურა ირწმუნება, რომ საზღვრის დამდგენი კომისიის ხელმძღვანელები, ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა არასწორი რუკებით ხელმძღვანელობდნენ და არ იყენებდნენ 1937-1938 წლებში გამოცემულ რუკას, მასშტაბით 1 : 2 000 000.
კერძოდ, პროკურატურის მტკიცებით: "ივერი მელაშვილმა და ნატალია ილიჩოვამ, დელიმიტაციის პროცესში, სასაზღვრო ხაზზე შეთანხმებისას, ნაცვლად 1938 წლის კარტოგრაფიული მასალისა, მიზანმიმართულად გამოიყენეს 1970-80-იან წლებში გამოცემული 1:100 000-იანი და 1 : 500 000 მასშტაბის რუკებზე არსებული საზღვრის ხაზი, რომლებიც სახელმწიფოთაშორის ორმხრივად დამტკიცებული არასდროს ყოფილა და არსებით წინააღმდეგობაში მოდიოდა ჩვენს ისტორიულ საზღვრებთან".
მელაშვილი ბრალს არ აღიარებს. მან გირაოს შეფარდებაზეც უარი განაცხადა.
რა ვიცით დავით გარეჯზე - სრული მასალა იხილეთ ბმულზე.