logo
ENG



კობახიძე ევროპარლამენტარებზე: ლობისტებს აქვთ თავიანთი საქმე, ამაში ფულს იღებენ

23 ოქტ 202112:43
3 წუთის საკითხავი
clock 1262

ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ევროპარლამენტარების ნაწილს, რომლებიც ხელისუფლებას აკრიტიკებენ, ლობისტებს უწოდებს, რომლებიც ამაში ფულს იღებენ. მისივე თქმით, "კონკრეტულ კრიმინალებს" ევროპარლამენტში საკუთარი ლობისტები ჰყავთ.

საქართველოს საერთაშორისო მოკავშირეებს კობახიძე მართლმსაჯულების პოლიტიზებაში ადანაშაულებს და ამბობს, რომ "მათი ხმა გადამწყვეტი არაა".

"ცალკეულ ეტაპზე, სამწუხაროდ, მათი ჩარევა აღმოჩნდა წარმატებული, კერძოდ მოხდა მართლმსაჯულების პოლიტიზება. ერთ შემთხვევაში პრეზიდენტმა შეიწყალა, სხვა შემთხვევაში ამნისტიით მოხდა გამოშვება და ა.შ., ანუ მათ ჰქონდათ წარმატებული მაგალითები ამ ქვეყანაში, თუმცა ამას ერთხელ და სამუდამოდ დაესვა წერტილი, მათ აღარ მივცემთ, კონკრეტულ ლობისტებს საქართველოში მართლმსაჯულების პოლიტიზების. ლობისტებს აქვთ თავიანთი საქმე, ისინი ამაში იღებენ ფულს და ვერ გავამტყუნებთ, ფული აქვთ აღებული და ლობირება უნდა გაუწიონ მიხეილ სააკაშვილს და სხვა კრიმინალებს, მაგრამ რაც შეეხება მართლმსაჯულების პოლიტიზებას ამას წერტილი დაესვა", - განაცხადა კობახიძემ.

ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დაკავების შესახებ ევროპარლამენტარების წერილი ფორმულამ ექსკლუზიურად 14 ოქტომბერს გაავრცელა. წერილს 72 ხელმომწერი ჰყავს. ევროპარლამენტარებთან ერთად, მათ შორის არიან ლიეტუვის სეიმის წევრები, ყოფილი პრეზიდენტები, ცნობილი პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები.

ისინი აცხადებენ, რომ სააკაშვილის პატიმრობა უნდა შეწყდეს მანამ, სანამ ის არ წარსდგება სამართლიანი სასამართლო პროცესის წინაშე. 

გარდა ამისა, ევროპარლამენტარებმა 19 ოქტომბერს გაავრცელეს კიდევ ერთი წერილი, სადაც აღნიშნავენ, რომ 

სააკაშვილი უნდა გათავისუფლდეს, სანამ მის საქმე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო განიხილავს.

აღნიშნულ განცხადებას ხელს აწერენ: ანდრიუს კუბილიუსი, რასა იუნკევიჩიენე, რიჰო ტერასი, მირიამ ლექსმანი, სანდრა კალნიტე.

მიხეილ სააკაშვილი 1-ელ ოქტომბერს თბილისში დააკავეს, ის 23-ე დღეა შიმშილობს.


close დახურვა