პრემიერმინისტრი ირაკლი კობახიძე საპატრიარქოზე პრეზიდენტის განცხადებას "გამაოგნებელს" უწოდებს.
"კომენტარის გაკეთებაც კი არ შეიძლება იმ განცხადებაზე, რომელიც სალომე ზურაბიშვილმა გააკეთა საპატრიარქოსთან დაკავშირებით. უბრალოდ გამაოგნებელია ასეთი განცხადებები, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, უბრალოდ თავის იმიჯს აზიანებს ასეთი განცხადებებით. არ მინდა მეტი კომენტარის გაკეთება", - აღნიშნა კობახიძემ.
Chatham House ეკლესიასთან დაკავშირებულ კითხვაზე პასუხის დროს, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ ეკლესიასთან დაკავშირებით კომპლექსური ვითარებაა, რისი ძირითადი მიზეზიც პატრიარქის "სისუსტეა".
"ჩემი აზრით, მართლმადიდებელი ეკლესია, ისევე როგორც ნებისმიერ სხვა მართლმადიდებელ ქვეყანაში, ძალიან ახლოს არის ხელისუფლებასთან და მიდრეკილია, მიჰყვეს აქცენტებისა და ნიუანსების ცვლილებას. ამიტომ იმედი მაქვს, რომ ეკლესიაც მიჰყვება პროდასავლურ რიტორიკას. ვინაიდან მე გახლავართ ოპტიმისტი და მჯერა საქართველოს მედეგობის, ამიტომ იმედი მაქვს, საქართველოს ეკლესიაც შეძლებს, აირჩიოს პროქართველი და პროევროპელი პატრიარქი და არა პრორუსი“, – აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.