logo
ENG



კობახიძე იმპიჩმენტზე: გამაცნეს კოპალეიშვილის პოზიცია, აბსოლუტურად უსუსური მსჯელობაა

03 ოქტ 202310:49
3 წუთის საკითხავი
 
2023/10/03/phigd8fupge0yq7.jpg

ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში პრეზიდენტის ერთ-ერთი წარმომადგენლის, მაია კოპალეიშვილის პოზიციას გაეცნო და მსჯელობა "აბსოლუტურად უსუსურია". კობახიძემ იმედი გამოთქვა, რომ დღეს სხდომაზე "ცოტა მეტს" მოისმენენ.

"მე გამაცნეს მასალები, რომელიც უკავშირდება ამ პროცესს, მათ შორის ერთ-ერთი წარმომადგენლის პოზიცია. აბსოლუტურად უსუსურია იქ წარმოდგენილი მსჯელობა. სერიოზულად ვერც განიხილავ იმ ე.წ. არგუმენტებს, რომელიც იქ არის წარმოდგენილი. იმედია, დღეს ცოტა მეტს მოვისმენთ, მათ შორის მისგან [პრეზიდენტისგან]. წინააღმდეგ შემთხვევაში, ძალიან მარტივად... კოპალეიშვილს აქვს ეს პოზიცია გახმოვანებული, რაც მე გამაცნეს. შეიძლება, თამარ ჩუგოშვილსაც აქვს, მაგრამ კოპალეიშვილის მაჩვენეს. აბსოლუტურად არასერიოზულია, რაზეც იქ არის საუბარი", - განაცხადა მან.

საკონსტიტუციო სასამართლოში იმპიჩმენტის წარდგინების განხილვამდე რამდენიმე საათით ადრე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დაწერა, რომ მისი წარმომადგენლები თამარ ჩუგოშვილი და მაია კოპალეიშვილი იქნებიან. ჯერ კიდევ გაუგებარია, თვითონ დაესწრება თუ არა არსებით განხილვას.

დღეს, 3 ოქტომბერს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხის წარდგინებას ზეპირი მოსმენით განიხილავს. ჯერჯერობით უცნობია, დაესწრება თუ არა სალომე ზურაბიშვილი განხილვას. არსებითი განხილვა 12:00 საათზე ჩაინიშნა.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე მერაბ ტურავამ ფორმულასთან 22 სექტემბერს განაცხადა, რომ სხდომა, შესაძლოა, მეორე დღესაც გაგრძელდეს.

საქმეს პლენუმი განიხილავს. სასამართლო პროცესზე როგორც წარდგინების ავტორებს, ისე საქართველოს პრეზიდენტს ელოდება. 

პირველ სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ ქართული ოცნება სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცედურას იწყებს. მიზეზად პარტიაში მთავრობის უარის მიუხედავად, პრეზიდენტის ევროპაში გამგზავრება დაასახელეს, რითაც მან "უხეშად დაარღვია კონსტიტუცია".

30 აგვისტოს საქართველოს მთავრობამ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ევროპაში ვიზიტის პარალელურად განცხადება გამოაქვეყნა და აღნიშნა, რომ მას ყველა მოთხოვნილ ვიზიტზე უარი უთხრეს, მათ შორის, უკრაინაში.

№1797 კონსტიტუციურ წარდგინებაში განხილვის საგანს წარმოადგენს საქართველოს კონსტიტუციის 52-ე მუხლის პირველი პუნქტის "ა" ქვეპუნქტის შესაძლო დარღვევა, საქართველოს პრეზიდენტის მიერ საქართველოს მთავრობის თანხმობის გარეშე, საგარეო ურთიერთობებში წარმომადგენლობითი უფლებამოსილების განხორციელების გამო, რაც გამოიხატა საზღვარგარეთ სამუშაო ვიზიტების განხორციელებით და ოფიციალურ პირებთან სამუშაო შეხვედრებისა და მოლაპარაკებების გამართვით.

კერძო, საუბარია სამ სამუშაო ვიზიტზე: 2023 წლის 31 აგვისტოს გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პრეზიდენტთან, 2023 წლის 1 სექტემბერს ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან და 2023 წლის 6 სექტემბერს საფრანგეთის პრეზიდენტთან.


close დახურვა