logo
ENG



კობახიძე მრავალმანდატიან ოლქებზე: მეც არ მაქვს პოზიცია ჯერ

09 დეკ 201914:26
3 წუთის საკითხავი
 
xf5rjfx66xrmyf1.jpg

 

ქართული ოცნების“ წევრები პარტიის ცენტრალურ ოფისში იკრიბებიან. შეხვედრა 15:00 საათზეა ჩანიშნული და მას, სავარაუდოდ, ბიძინა ივანიშვილიც დაესწრება. განხილვის მთავარი თემა საარჩევნო სისტემის ცვლილება და ამ თემაზე მმართველი ძალის სტრატეგიაა.

 

პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ შეხვედრამდე ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ შესაძლოა, დღევანდელ შეკრებაზეც მრავალმანდატიან საარჩევნო ოლქებთან დაკავშირებითაც იმსჯელონ.

„სავარაუდოდ, კვირას შედგება მორიგი შეხვედრა, სადაც ვიმსჯელებთ მრავალმანდატიანი საარჩევნო ოლქების შედეგად. შეიძლება, დღევანდელ შეხვედრაზეც განვიხილოთ. ჯერჯერობით არ ყოფილა კონსულტაციები, მეც არ მაქვს პოზიცია ჯერ“, - განაცხადა კობახიძემ.

ოპოზიციაში აცხადებენ, რომ „ოცნების“ მხრიდან გარკვეულ დათმობას ხედავენ, მაგრამ ჯერჯერობით, კონკრეტულ შედეგებზე საუბარი არაა.

„მთლიანად მმართველი გუნდის გადასაწყვეტი იქნება წამოვლენ ამ კომპრომისზე თუ არა. თუ არ გადაწყვეტენ ეს პოლიტიკური კრიზისი კიდევ უფრო გამძაფრდა. ჩვენი ამოცანაა გავაგრძელოთ კონსტრუქციული დიალოგი და ამავდროულად მშვიდობიანი აქციებიც“, - აცხადებს „ევროპული საქართველოს“ წევრი სერგი კაპანაძე.

„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების" აღმასრულებელი დირექტორი მიხეილ ბენიძე ხელისუფლების მხრიდან შემხვედრი ნაბიჯების გადადგმის აუცილებლობაზე ამახვილებს ყურადღებას. მისი თქმით, პოლიტიკური კრიზისის განსამუხტად, საჭიროა დიალოგი. 

„მნიშვნელოვანია, რომ ხელისუფლების მხრიდან დავინახოთ მზაობა, რომ ეს არ იყოს კონსულტაცია კონსულტაციისთვის, არამედ კონკრეტული შედეგების მექანიზმი. ამისთვის საჭიროა, მათი მხრიდან შემხვედრი ნაბიჯი გადაიდგას“, - განაცხადა ბენიძემ.

 

შეგახსენებთ, რომ მმართველმა გუნდმა არ შეასრულა დაპირება და პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის კანონპროექტი ჩააგდო, რის შემდეგაც ოპოზიციურმა პარტიებმა და სამოქალაქო აქტივისტებმა დაიწყეს აქციები ერთადერთი მოთხოვნით - 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები გაიმართოს პროპორციული საარჩევნო სისტემით. ხელისუფლების წამომადგენლები აცხადებენ, რომ არჩევნები პროპორციული სისტემით არ ჩატარდება და საკითხი განხილვას არ ექვემდებარება

დიპლომატიური კორპუსის შუამდგომლობით ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმოამდგენლების უკვე მეორე შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე მმართველმა გუნდმა საკუთარი პოზიცია კიდევ ერთხელ დააფიქსირა და ამავდროულად თქვეს, რომ მათთვის მისაღები არც .. გერმანუნლი მოდელია და ის კონსტიტუციას არ შეესაბამება.

 


close დახურვა