პრემიერმინისტრი ირაკლი კობახიძე აშშ-ის ახალ სანქციებს "არასერიოზულსა" და "სამწუხარო" მოვლენებს უწოდებს. იგი აგრძელებს ქართული ოცნების ნარატივს და ამბობს, რომ ეს არჩევნებში ჩარევის მცდელობა შეიძლება იყოს.
"ეს არის სრულად არასერიოზული და ძალიან სამწუხარო მოვლენა. თქვენ იცით, რომ ხელი გავუწოდეთ პარტნიორებს, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრი რამ გაფუჭდა ქართულ ამერიკულ ურთიერთობებში გასული 4 წლის მანძილზე და თქვენ იცით, რომ ამაში არის ყოფილი ელჩის განსაკუთრებული წვლილი. ამ ფონზე ჩვენი მხრიდან გადაიდგა ნაბიჯები. ჩვენ ვთქვით, რომ ვართ აბსოლუტურად ღია საუბრისთვის ნებისმიერ თემაზე. ასეთი ნაბიჯები არის კონტრპროდუქტიული. გვესმის, რომ არის წინასაარჩევნო პერიოდი და გვესმის ისიც, რომ რის გარკვეული პრობლემები, ამერიკულ ინსტიტუტებს სჭირდებათ დეოლიგარქიზაცია და ასეთ პირობებში შეიძლება ვიხილოთ ასეთი ნაბიჯები, წინასაარჩევნო პერიოდში ამის ერთადერთი მიზანი შეიძლება იყოს არჩევნებზე გავლენის მოხდენა", - განაცხადა კობახიძემ ბრიფინგზე.
კობახიძის თქმით, არ სჯერა, რომ სანქციებზე გადაწყვეტილება პრეზიდენტ ჯო ბაიდენს არ მიუღია და ამაში "გარკვეული ძალები" იყვნენ ჩართულნი, რომლებსაც არაფორმალური გავლენა აქვთ.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის 60-ზე მეტ წევრს, მათ შორის მათ ოჯახის წევრებს "დემოკრატიის ხელყოფისთვის" სანქციები დაუწესა. ასევე, აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა დაასანქცირა შსს-ს მაღალჩინოსანი ზვიად ხარაზიშვილი, მისი მოადგილე მილერი ლაგაზაური, პრორუსული და ძალადობრივი ალტ-ინფოს ორი წევრი - ზურა მახარაძე და კონსტანტინე მორგოშია.