თეოლოგი ბასილ კობახიძე სოციალურ ქსელში სტატუსს წერს, სადაც პატრიარქის გარემოცვას მოუწოდებს, ილია მეორე დაარწმუნონ, რომ მრევლი სახლში დატოვოს.
„მივმართავ პატრიარქის გარემოცვის წევრებს: შორენა თეთრუაშვილს, მიტროპოლიტ შიო მუჯირს, მთავარეპისკოპოს იაკობ იაკობიშვილს, მიტროპოლიტ ანდრია გვაზავას, მიტროპოლიტ დიმიტრი შიოლაშვილს, მიტროპოლიტ დანიელ დათუაშვილს, მიტროპოლიტ გერასიმე შარაშენიძეს, მიტროპოლიტ თეოდორე ჭუაძეს, არქიმანდრიტ დავით ჭინჭარაულს, პროტოპრესვიტერ გიორგი ზვიადაძეს, დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძეს, დეკანოზ მიქაელ ბოტკოველს, დეკანოზ ალექსანდრე გალდავას. თქვენ შეგიძლიათ დაარწმუნოთ პატრიარქი რომ დაკეტოს ეკლესიები და მრევლს სახლში დარჩენისკენ მოუწოდოს. ეს თქვენთვის კარგია, ერის გადამრჩენი იქნებით და რეიტინგიც ძალიან აგეწევათ“, - წერს კობახიძე.
შეგახსენებთ, რომ მიუხედავად კორონავირუსით გამოწვეული საგანგებო მდგომარეობისა და კომენდანტის საათისა, რა დროსაც საღამოს 21:00 საათიდან დილის 06:00-მდე გადაადგილება იკრძალება, ხოლო სამზე მეტი პირის შეკრება მთელი დღის განმავლობაში დასჯადია, სააღდგომო ლიტურგია მაინც ჩატარდება.