პრემიერმინისტრმა ირაკლი კობახიძემ სუს-ის გამოძიება და ოლივერ ვარჰეისთან მისი სატელეფონო საუბარი, რომელიც მაისში შედგა, ერთმანეთს დაუკავშირა და თქვა, რომ ევროკომისიისგან ტერაქტზე გაფრთხილება მიიღო.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ხელისუფლების ყოფილი მაღალჩინოსნები ქართული ოცნების დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის მკვლელობასა და ხელისუფლების დამხობას გეგმავდნენ. ამასთან დაკავშირებით გამოძიება ტერორისტული აქტის მომზადებისა და სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად შეთქმულების მუხლებით მიმდინარეობს.
კობახიძემ თქვა, რომ ეს ინფორმაცია "უაღრესად შემაშფოთებელია" იმის ფონზე, რომ ორი ტერორისტული აქტი უკვე განხორციელდა სლოვაკეთში პრემიერმინისტრ რობერტ ფიცოზე და აშშ-ში საპრეზიდენტო კანდიდატ დონალდ ტრამპზე.
"ეს არის საერთო ხელწერა, რომელიც ახასიათებს ერთი და იმავე გლობალურ პოლიტიკურ ძალებს. აქედან გამომდინარე, საფრთხეები არსებობს და გამოძიება, რომელიც დაწყებულია, მიანიშნებს იმაზე, რომ ეს საფრთხეები აქტუალურია.
თქვენ გახსოვთ, რომ შედგა სატელეფონო საუბარი ერთ-ერთ ევროკომისართან, მოგვიანებით ევროკომისარმა თავადვე აღიარა, რომ ჰქონდა ერთგვარი გაფრთხილება ტერაქტთან დაკავშირებით და ამაზე იყო რეალურად საუბარი მისი მხრიდანაც. უბრალოდ მან თქვა, რომ პოლარიზაცია იქნებოდა ის, ვინც ტყვიას ისროდა. თქვენ მოგეხსენებათ, რომ პოლარიზაცია ტყვიებს არ ისვრის, ტყვიებს "კილერები" ისვრიან. გაფრთხილებაც არსებობდა. ეს არის იყო ევროკომისრის გაფრთხილება, ეს იყო ერთგვარი "მესენჯერი", რომ შესაბამისი ინფორმაცია ჩვენამდე მოეწოდებინა. რა თქმა უნდა, ეს შემაშფოთებელია. ვიღაცებს არ მოსწონთ ის პოზიცია, რომელიც საქართველოს ომთან მიმართებით უკავია, ასეთ პირობებში საფრთხეები არსებობს. [...]
აქ ხაზი მინდა გავუსვა იმასაც, რომ როდესაც ევროკომისრის მხრიდან მოგვაწოდეს ჩვენ კონკრეტული გაფრთხილება ტერაქტთან დაკავშირებით, ეს იყო ზოგადი გაფრთხილება და არ იყო საუბარი კონკრეტულად რომელიმე პოლიტიკოსზე საუბარი. აქედან გამომდინარე, ადრესატი შეიძლება ყოფილიყო ნებისმიერი. გასაკვირი არ არის, რომ პირველ რიგში, როდესაც საუბარია ჩვენი ქვეყნის არა კეთილმოსურნეებზე, მათთვის ადრესატი ბიძინა ივანიშვილია, რადგან პირველ რიგში ბიძინა ივანიშვილი არის ამ ქვეყანაში მშვიდობისა და განვითარების გარანტი", - თქვა კობახიძემ.
პრემიერმინისტრ ირაკლი კობახიძესა და ევროკომისარ ოლივერ ვარჰეის შორის სატელეფონო საუბარი მაისში შედგა. მაშინ კობახიძემ, ვარჰეის სახელის ხსენების გარეშე, განაცხადა, რომ ერთ-ერთი კომისარი სიკვდილით დაემუქრა და მაგალითად სლოვაკეთის პრემიერმინისტრი მოუყვანა, რომელსაც რამდენიმე დღით ადრე ქუჩაში ესროლეს.
აღნიშნული განცხადებიდან რამდენიმე საათში გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა ოლივერ ვარჰეიმ დაადასტურა, რომ კობახიძეს ის ესაუბრა, თუმცა აღნიშნა, რომ მისი სიტყვები კონტექსტიდან იქნა ამოღებული.
როგორც ვარჰეი განმარტავდა, სატელეფონო საუბრის დრო, მან მიუთითა, რომ რუსული კანონის მიღებით, შეიძლებოდა "მყიფე ვითარება" გამწვავებულიყო, რასაც შემდგომში შეიძლება პოლარიზაცია და თბილისის ქუჩებში არაკონტროლირებადი ვითარება გამოეწვია. ვარჰეის თქმით, სლოვაკეთის პრემიერმინისტრზე თავდასხმა იმის მაგალითად მოიყვანა, თუ "რა შეძლება გამოიწვიოს პოლარიზაციის მაღალმა დონემ ევროპაშიც კი".