პრემიერმინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებით, სახელმწიფო უსაფრთხოების განცხადება ფალსიფიცირებული ჩანაწერების გავრცელების გეგმასთან დაკავშირებით "რადიკალურ ოპოზიციასა და მათ უცხოელ მფარველებს" ეხებათ.
"პოლიტიკურ ძალებზეა საუბარი, რომლებსაც ჩვენი ქვეყნისთვის სიკეთე არ უნდათ. საქმე ეხება, როგორც ქვეყნის გარედან მოქმედ ძალებს, ასევე ქვეყნის შიგნით მოქმედ ძალებს, იგულისხმება რადიკალური ოპოზიცია და მათი უცხოელი მფარველები. თუმცა მე მგონია, რომ ასეთ აქტებს არჩევნების შედეგებზე ვერავითარი გავლენა ვერ ექნება, მაგრამ კარგია, რომ ჩვენი სახელმწიფო უწყებები, კონკრეტულად სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ფხიზლად არიან. რა თქმა უნდა, განსაკუთრებული ყურადღებაა საჭირო იმისთვის, რომ ვერავინ შეძლოს ამ არჩევნებზე რაიმე ტიპის ნეგატიური გავლენის მოხდენა. შესაბამისად, მადლობა უნდა გადავუხადოთ, რა თქმა უნდა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს იმისთვის, რომ მათ საზოგადოებას წარუდგინეს მნიშვნელოვანი ინფორმაცია იმისთვის, რომ მათ მეტი სიფრთხილე გამოიჩინონ", - განაცხადა კობახიძემ ზუგდიდში ჟურნალისტებთან.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, არჩევნების წინა დღეებში "პოლიტიკურ წრეებთან დაახლოებული ჯგუფები" ფალსიფიცირებული აუიდო- და ვიდეოჩანაწერების გავრცელებას გეგმავენ, რომლებიც ხელოვნური ინტელექტისა და სხვა თანამედროვე ტექნოლოგიებით იქნება დამონტაჟებული. როგორც სუს ირწმუნება, ჩანაწერებში საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენელთა ხმები და ვიდეო გამოსახულება იქნება გამოყენებული.
უწყებაში ამბობენ, რომ ყალბი ინფორმაციის გავრცელების მიზანი არის ხელისუფლების შტოებს შორის დაპირისპირების გამოწვევა, აგრეთვე ხელისუფლებასა და მართლმადიდებლურ ეკლესიას შორის შუღლის ჩამოგდება და ხელისუფლებასა და დასავლელ პარტნიორებს შორის ურთიერთობის გაუარესება. ამასთან, ჩანაწერებს საზოგადოებას წარუდგენენ, როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან გაჟონილ ინფორმაციას.