ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ რუსეთის მიერ უკრაინის მხარეს მებრძოლი ქართველი ტყვეების გათავისუფლების ნაწილში ბერკეტები არ აქვთ. როგორც მან ჟურნალისტებთან თქვა, ერთადერთი რაც შეიძლება განიხილოს ჩვენმა სახელმწიფომ არის კონსტიტუციური ვალდებულება, რომ იზრუნოს საკუთარ მოქალაქეზე განურჩევლად ადგილსამყოფლისა. ამ შემთხვევაში, მისი თქმით, ბერკეტი არის შვეიცარიის საელჩო და წითელი ჯვარი.
"პირველ რიგში, გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენი ორი მოქალაქე არის სამხედრო ტყვე, ჩვენ არ გვაქვს რესურსი ამ საკითხზე ვიმუშაოთ ამ ჭრილში, როგორც სამხედრო ტყვეების გათავისუფლებაზე. ისინი არიან რუსეთ-უკრაინის ომის სამხედრო ტყვეები და შესაბამისად, უკრაინული მხარე შეიძლება იყოს ჩართული რუსულ მხარესთან შესაბამის მოლაპარაკებებში. ჩვენ ამისი რესურსი არ გვაქვს ხომ, ბუნებრივია. თქვენ გახსოვთ იგივე ბაიდენის, ჯონსონის განცხადებები, ისინი მოუწოდებდნენ საკუთარ მოქალაქეებს, არ წასულიყვნენ მოხალისეებად ომში, რატომ? იმიტომ, რომ შემდეგ შესაბამის ქვეყანას აღარ ექნებოდა რესურსი, რომ ემუშავა შესაბამისი ტყვეების გათავისუფლებაზე ასეთი განვითარების შემთხვევაში", - განაცხადა კობახიძემ.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ირწმუნება, რომ უკრაინის მხარეს მებრძოლი ორი ქართველი სამხედროს ტყვედ აყვანა შეძლო. სამინისტროს მტკიცებით, ესენი არიან საქართველოს მოქალაქე გიორგი გოგლიძე და გიორგი ჩუბეთიძე.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ საკუთარ Telegram-ზე გაავრცელა ვიდეო, რომელშიც, მათი მტკიცებით, ქართველი ტყვის დაკითხვის კადრებია და აღნიშნულია, რომ საქართველოს მოქალაქე გიორგი გოგლიძე უკრაინის მე-2 ინტერნაციონალურ ლეგიონში სნაიპერი იყო. გარდა ამისა, რუსული სამთავრობო მედია თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით წერს, რომ ტყვედ აყვანილია ამავე ლეგიონის კიდევ ერთი მებრძოლი, საქართველოს მოქალაქე გიორგი ჩუბითიძე.
საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ღია წყაროებზე დაყრდნობით ინფორმირებულნი არიან უკრაინაში მებრძოლი საქართველოს ორი მოქალაქის რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების მიერ ტყვედ აყვანის შესახებ.
"ქართული მხარე გამოიყენებს მის ხელთ არსებულ ყველა საერთაშორისო მექანიზმს, მათ შორის წითელი ჯვრის საერთაშორისო ორგანიზაციას და შვეიცარიის კონფედერაციას, როგორც საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის მედიატორს, საქართველოს მოქალაქეების კონსტიტუციით გარანტირებული უფლებების დასაცავად", - აღნიშნავენ უწყებაში.