logo
ENG



კობახიძე ჩარტერზე: სპეკულაციაა, ცდილობენ, გადაეფარონ საკუთარ თანაგუნდელ ზურაბიშვილს

11 სექ 202310:53
3 წუთის საკითხავი
 
კობახიძე ჩარტერზე: სპეკულაციაა, ცდილობენ, გადაეფარონ საკუთარ თანაგუნდელ ზურაბიშვილს

ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ამტკიცებს, რომ პრემიერმინისტრი ჩარტერულ რეისზე თანხები სახელმწიფო ბიუჯეტიდან არ დახარჯულა. ის ამბობს, რომ ეს არის მცდელობა, ოპოზიცია სალომე ზურაბიშვილს "გადაეფაროს".

"პირველ რიგში, მოიკითხონ, რა სახსრებიდან არის გაღებული შესაბამისი ხარჯი - არცერთი თეთრი სახელმწიფო ბიუჯეტიდან არ დახარჯულა, შესაბამისად, ყველაფერი არის ცარიელი სპეკულაცია. აქაც ცდილობენ, რომ გადაეფარონ საკუთარ თანაგუნდელს, სალომე ზურაბიშვილს, მათ ჰყავთ საერთო პატრონი.

ეს არის რაღაცნაირად, უსუსური მცდელობა, რომ გადაფარონ საქართველოს პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციის უხეში დარღვევა. მეტი მიზეზი ამ ყველაფერს არ აქვს, თუმცა ეს არის, კიდევ ერთხელ ვიტყვი, ძალიან უსუსური მცდელობა", - განაცხადა კობახიძემ.

კითხვაზე, საიდან ჰქონდა პრემიერს ჩარტერის ბიუჯეტი, კობახიძე ამბობს, რომ ყველაფერი იქნება "საჯარო" და დეკლარაციაში აისახება.

7 სექტემბერს, საქართველოს მთავრობის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის უფროსმა, ნინო გიორგობიანმა გამოაქვეყნა განცხადება და თქვა, რომ პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აგვისტოში აშშ-ში შვილთან ერთად ჩარტერული რეისით გაემგზავრა - მისი მტკიცებით, ხარჯი ბიუჯეტიდან არ გაწეულა.

მოგვიანებით სტრატკომმა ღარიბაშვილის აშშ-ში ჩასვლასთან დაკავშირებით მორიგი განმარტება გააკეთა და აღნიშნა, რომ ღარიბაშვილი ჩარტერით ევროპაში ჩავიდა, იქიდან ამერიკაში კი რეგულარული რეისით.

9 სექტემბერს TV პირველთან ინტერვიუში Georgian Airways-ის დამფუძნებელმა, თამაზ გაიაშვილმა დაადასტურა, რომ ქვეყნის პრემიერი გერმანიაში მისმა კომპანიამ, სამთავრობო თვითმფრინავით წაიყვანა - მისივე განცხადებით, თვითმფრინავი პრემიერის გასაფრენად სახელმწიფო დაცვის სამსახურმა შეუკვეთა. კერძოდ, როგორც გაიაშვილმა აღნიშნა, მთავრობისთვის თვითმფრინავებს ყოველთვის სახელმწიფო დაცვის სამსახურის ხელმძღვანელი, ანზორ ჩუბინიძე უკვეთავს.


close დახურვა